თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი განიხილა და 24 იანვარს მიღებული შუალედური გადაწყვეტილება გააუქმა. შესაბამისად, 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კვლავ კანონონიერი და ლეგიტიმურია. ამის შესახებ განცხადება დღეს, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა გააკეთა, სეოკ-ის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებლივი არგუმენტაცია და გააუქმა 24 იანვრის განჩინება. დღეის მდგომარეობით, მინიმალური ეჭვის საფუძველიც კი აღარ რჩება, საარჩევნო საანგარიშო ყრილობის კანონიერებასა და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით” – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა.
ბრიფინგში მონაწილეობა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც მიიღო. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარწმუნებული იყო, სასამართლო აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით, სეოკ-ის არგუმენტების გაცნობის შემდეგ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა. ხაბელოვისვე განცხადებით, მან შექმნილი ვითარების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც აცნობა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ შუალედური გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ იანვარში მიიღო, მას შემდეგ, რაც დამარცხებული კანდიდატის – ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი განიხილა.
მომჩივანის განცხადებით, ხმის უფლებით მოსარგებლე დელეგატთა ნაწილს იურიდიულად არ ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ ამ დარღვევის შესახებ მან არჩევნებამდე არაფერი იცოდა.
საქალაქო სასამართლოს ბოლო განაჩენის გასასაჩივრებლად მოსარჩელე მხარეს 5 დღე აქვს.