ფეხბურთი

10:40 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიამ ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი დემეტრაძის მიღწევა გაიმეორა (+VIDEO)

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” არგენტინელმა შემტევმა ანხელ დი მარიამ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შესრულება საკუთარ დაბადების დღეზე შეძლო და ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ისტორიაში გახდა მეექვსე მოთამაშე, რომელმაც იუბილეზე ლიგის მატჩში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ 6 ფეხბურთელს შორის, ერთი ქართველიცაა – გიორგი დემეტრაძემ 2000 წლის 26 სექტემბერს, როდესაც 24 წლის გახდა, კიევის "დინამოს" მაისურით ბრიუსელის “ანდერლეხტის” კარი ორჯერ დალაშქრა. “დემემ” მაშინ 89-ე და 90-ე წუთებზე ბელგიის საუკეთესო გუნდს ორი ერთმანეთზე მოხდენილი გოლი გაუტანა.

გიორგი დემეტრაძის და ანხელ დი მარიას გარდა, საკუთარ იუბილეზე ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ დუბლი შესრულებული აქვთ: ოლე გუნარ სოლსკიაერს (“მანჩესტერი”), ჟულიო პატიშტას (“რომა”), რაჰიმ სტერლინგს (“მანჩესტერ სიტი”) და დადო პრშოს (“მონაკო”). მეტიც, ხორვატმა პრშომ საერთოდ პოკერი გაიფორმა 2003 წელს, “დეპორტივოსთან” მატჩში.

აქვე გეტყვით, რომ დი მარიას გარდა, იუბილარი იყო ედინსონ კავანი და გოლის გატანა მანაც შეძლო. ამ მხრივად დამყარდა ერთი საინტერესო მიღწევა: ერთი გუნდის ორმა იუბილარმა ერთსადაიმავე თამაშში გოლები ბოლოს 2008 წელს გაიტანეს. მაშინ იგივე რამ მირკო ვუჩინიჩმა და ჟულიო ბაპტიშტამ “რომა” – “ბორდოს” შეხვედრისას შეძლეს.

P.S ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ გიორგი დემეტრაძის დუბლი ბრიუსელის "ანდერლეხტთან"

0.113933