ფეხბურთი

11:01 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" მეოთხე ცდა და დაუძლეველი ბარიერები: "ბაიერნი" და მერვედფინალი

ლონდონის “არსენალი” მიუნხენში “ბაიერნს” ეწვევა და ეცდება ამჯერად მაინც დაძლიოს გერმანული ბარიერი – “რეკორდმაისტერმა” “მეთოფეები” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან 2005, 2013 და 2014 წლებში გამოაგდო. მოკლედ, არსენ ვენგერს “ბაიერნი” ძალზე ცუდად უნდა აგონდებოდეს.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი თითქის ერთნაირ ფორმაში ხვდება – “არსენალი”, არასტაბილურად თამაშობს პრემიერლიგაში, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩინებულად ითამაშა და პირველი ადგილით გავიდა პლეი-ოფში. “ბაიერნიც” ვერ წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ბუნდესლიგას მაინც დამაჯერებლად ლიდერობს და თან, ტურიდან ტურამდე უპირატესობას ზრდის.

მიუნხენურ გრანდს საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 მატჩი აქვს მოგებული, რაც აბსოლუტური რეკორდია. “ბაიერნს” შანსი აქვს მეოთხედფინალში მიჯრით მეექვსედ გავიდეს. თავის მხრივ, ყველაფერი პირიქითაა “არსენალისთვის” – ლონდონელებმა ლიგაზე ბოლო ექვსი სეზონი მერვედფინალში დაასრულეს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აქედან ორჯერ მათ “ბაიერნმა” აჯობა (2013 და 2014 წლებში).

დღევანდელ მატჩში კარლო ანჩელოტი ჟერომ ბოატენგსა და ფრანკ რიბერის მოისაკლისებს, ხოლო ჩაბი ალონსო ახლახან გამოჯანმრთელდა და უცნობია დაიწყებს თუ არა, იგი შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში. ფილიპ ლამი კი, თუ გაფრთხილებას მიიღებს, ლონდონურ პაექრობას გამოტოვებს.

არსენ ვენგერის ბანაკში აარონ რემზისა და სანტი კაზორლას დანაკლისია. მომდევნო მატჩის გამოტოვება კი, არავის ემუქრება.

სხვათა შორის, საგულისხმოა, რომ მესუთ იოზილს “ბაიერნის” წინააღმდეგ 15-ჯერ უთამაშია და მის კარში 4 გოლიც აქვს გატანილი. მოკლედ, გერმანელებს თანამემამულის მიმართ ყურადღებით თამაში მართებთ.

კარლო ანჩელოტი (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იღბალიც საჭიროა, მაგრამ უმთავრესად ამისთვის გამბედაობაა საჭირო. ჩვენ არ ვაპირებთ დღეს იმაზე ფოკუსირებას, რომ გოლი არ გავუშვათ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავაწესოთ ბურთზე კონტროლი, რადგან “არსენალს” სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს.

არსენ ვენგერი გამოცდილი მწვრთნელია და აქვს ძლიერი სამწვრთნელო ფილოსოფია. მისი გუნდის თამაშის სტილი ყოველთვის შესანიშნავია და მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მოედანზე მეტოქეს ცხოვრება გავურთულოთ”.

არსენ ვენგერი (“არსენალის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარსული და “ბაიერნთან” გამართული თამაშები – კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ მხოლოდ აწმყოზე. შეგვიძლია ბრძოლა და მცირე უპირატესობაც გვაქვს – მეორე თამაშს სახლში ვთამაშობთ, თუმცა ეს არაფერს მოგვიტანს, თუ დღეს კარგად არ ვითამაშებთ.

ვფიქრობ, “ბაიერნს” სათამაშო უპირატესობა ექნება, როგორც ყოველთვის. ამაში იგულისხმება ბურთის ფლობა და სწრაფი შეტევები. ჩვენ გვჭირდება დიდი ძალისხმევა და ბოლომდე დახარჯვა მათ წინააღმდეგ. დღეს ოსპინა ითამაშებს. მისი თამაში ჯგუფურ ეტაპზე დიდებული იყო და დაიმსახურა, რომ პლეი-ოფშიც დაიცვას “არსენალის” კარი”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მიუნხენი, “ალიანს არენა”

15 თებერვალი, 23:45 საათი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა, ვიდალი; რობენი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი; ელნენი, კოკელინი; ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, სანჩესი; უელბეკი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

ურთიერთშეხვედრები

“არსენალი” და “ბაიერნი” აქამდე ერთმანეთს 10-ჯერ შეხვედრილან. ყველა მატჩი 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ გაიმართა. 2004-2005, 2012-2013 და 2013-2014 წლებში “რეკორდმაისტერმა” ლონდონელები ლიგის მიღმა დატოვეს.

გასულ სეზონში კი, “არსენალმა” მეტოქეს ოლივიე ჟირუსა და მესუთ იოზილის გოლებით 2:0 აჯობა. თუმცა, მანამდე მიუნხენში 1:5 განადგურდა. ინგლისელთაგან ისევ ჟირუმ გაიტანა, ხოლო მასპინძლეთაგან ტომას მიულერმა (2), დავიდ ალაბამ, რობერ ტლევანდოვსკიმ და არიენ რობენმა.

2015 წლის 4 ნოემბერს, “ალიანს არენაზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (ბენატია 68), ხავი მარტინესი, ალაბა, ჩაბო ალონსო, ტიაგო ალკანტარა, მიულერი, დუგლას კოშტა, კომანი (რობენი 54), ლევანდოვსკი (მიულერი 71)

“არსენალი”: ჩეხი, დებუში, მერტესაკერი, გაბრიელი, მონრეალი, სანტო კასორლა (ჩემბერსი 87), კოკელინი (გიბსი 59), იოზილი, ალექსის სანჩესი, ჟირუ (აივობი 85)

2013-2014 წლების სეზონში კი, ასევე მერვედფინალში მიუნხენური მატჩი 1:1 დასრულდა. ბასტიან შვანშტაიგერის გოლს ექსმიუნხენელმა ლუკას პოდოლსკიმ ორ წუთში უპასუხა. პირველი თამაში ლონდონში “ბაიერნს” 2:0 ჰქონდა მოგებული და მეოთხედფინალში გავიდა.

2014 წლის 11 მარტს კი, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ხავი მარტინესი, დანტე, ალაბა, რობენი, შვაინშტაიგერი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (მიულერი 85), გიოტცე (კროოსი 59), მანჯუკიჩი

“არსენალი”: ფაბიანსკი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, ვერმაელენი, არტეტა (გნაბრი 77), იოზილი (როსიჩკი 46), კასორლა, პოდოლსკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფლამინი 84), ჟირუ

დანარჩენ ორ მიუნხენური დაპირისპირებას რაც შეეხება, “ბაიერნმა” მოიგო (3:1) 2004-2005 წლების სეზონის მერვედფინალში და 2000-2001 წლების სეზონის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ასევე გერმანელებმა იმძლავრეს – 1:0.

მთლიანობაში “ბაიერნმა” 10 ჩატარებული მატჩიდან 5 მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო სამჯერ გამარჯვება “არსენალს” დარჩა.

ფაქტები, სტატისტიკა

“ბაიერნი”

“ბაიერნი” მე-17 თამაშს ჩაატარებს ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში. “რეკორდმაისტერს” უკანასკნელი სამი მატჩი მოგებული აქვს, მაგრამ მანამდე 4 მოუგებელი შეხვედრა ჰქონდა ალბიონელთა წინააღმდეგ ჩატარებული.

მიუნხენში “ბაიერნი” გერმანული გუნების წინააღმდეგ: 13 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება.

“ბაიერნმა” ბოლო სამი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში დაასრულა. შარშან მიუნხენელებმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” შინ გაშვებული გოლის გამოისობით წააგეს.

ერთი წლის წინ, მერვედფინალში “ბაიერნმა” ტურინის “იუვენტუსს” მოუგო დამატებით დროში (2:2, 4:2 დ.დ). ბოლოს კი, ამ ეტაპზე 2010-2011 წლების სეზონში დამარცხდა. მაშინ გერმანული გრანდი გათამაშებას მილანის “ინტერმა” გამოთიშა (1:0 მილანში, 2:3 მიუნხენში).

“ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 15 თამაში აქვს შინ მოგებული. მათ შორის, სამი მიმდინარე სეზონში.

“არსენალი”

“არსენალმა” ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და პსჟ-ს აჯობა. ლონდონელებს წელს გასვლაზე არ წაუგიათ (2 მოგება, 1 ფრე). და საერთოდ, “მეთოფეებმა” ჯგუფში წაუგებლად ითამაშეს და ასეთი რამ 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოახერხეს.

ბოლო ექვსი სეზონი “არსენალისთვის” მერვედფინალში სრულდება. შარშან არსენ ვენგერის გუნდი “ბარსელონასთან” განადგურდა ორი მატჩის ჯამში 1:5 (0:2, 1:3).

“არსენალს” ევროსარბიელზე ბოლო შვიდი თამაშიდან სამი აქვს წაგებული. იქამდე კი, 11 შეხვედრიდან სტუმრის რანგში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.

ბოლო სამი საგარეო თამაში გერმანიაში კი ლონდონელებმა მოუგებლად ჩაატარეს – 1 ფრე, 2 წაგება. წინა ხუთი თამაშიდან კი, 3 მოგება ჰქონდა და 2 ფრე.

“არსენალი” გერმანიაში შემდეგნაირად თამაშობს: 5 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

პრაღის “სპარტას”, “ჩელსისა” და “არსენალის” მაისურით პეტერ ჩეხს “ბაიერნთან” აქამდე რვაკერ უთამაშია – 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. ყველაზე დიდი გამარჯვება კი, 2012 წელს მოიპოვა, როდესაც მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმარჯვა. მაშინ ჩეხმა არიენ რობენს პენალტიც აუღო.

კარლო ანჩელოტი ჩეხს “ჩელსიში” 2009-2011 წლებში ავარჯიშებდა და მასთან ერთად პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო.

მესუთ იოზილს “ბაიერნის” კარში 4 გოლი აქვს გატანილი 15 შეხვედრაში.

არიენ რობენს “არსენალის” წინააღმდეგ 12-ჯერ უთამაშია პსვ-ს, “ჩელსისა” და “ბაიერნის” რიგებში (7 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება) გაუტანა 2 გოლი.

“ლივერპულთან” ერთად ჩაბი ალონსო “არსენალს” 13-ჯერ დაუპირისპირდა – 4 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.

ჟერომ ბოატენგს კი, “მეთოფეებთან” “მანჩესტერ სიტის” მაისურითაც უთამაშია (2010-2011 წლების სეზონში).

“ბაზელის” შემადგენლობაში გრანიტ ჯაკას “ბაიერნთან” 0:7 აქვს წაგებული 2011-2012 წლების სეზონში.

გარდა ამისა, მას “გლადბახში” თამაშის დროს “რეკორდმაისტერის” პირისპირ რვაჯერ უთამაშია (2 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება).

ფრანსის კოკელინს “ფრაიბურგთან” ერთად მოუწია გერმანულ გინგანტთან დაპირისპირება 2013-2014 წლების სეზონში.

2012-2013 წლების სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ მესუთ იოზილის “რეალს” 4 გოლი გაუტანა.

იმავე წელს, მიულერმა (3) და რობენმა (2) ალექსის სანჩესის “ბარსელონას” გაუტანეს.

2010-2011 წლების სეზონში კი, ტეო უოლკოტმა დუგლას კოშტას მაშინდელი გუნდი, “შახტარი” დაამწუხრა.

2013 წლის 6 თებერვალს, ამხანაგურ მატჩში პარიზში, გერმანიამ საფრანგეთს 2:1 მოუგო. გერმანელთაგან მოედანზე იყვნენ ტომას მიულერი (გოლიც გაიტანა), ფილიპ ლამი და იოზილი, ხოლო მასპინძელთა რიგებში ითამაშეს ფრანკ რიბერიმ, ლორან კოშელნიმ და ოლივიე ჟირუმ.

2012 წლის 29 თებერვალს კი, ბრემენში საფრანგეთმა მოიგო 2:1. მაშინ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ჟირუმ (გოლის ავტორი), რიბერიმ და ბოატენგმა, იოზილმა, მიულერმა და ნოიერმა.

2015 წლის 8 ოქტომბერს, ალექსის სანჩესის ჩილემ დუგლას კოშტას ბრაზილიას მოუგო (2:0). ერთი გოლი ამ მატჩში “არსენალის” ფორვარდმაც გაიტანა.

ერთად უთამაშიათ

მესუთ იოზილს, შკოდრან მუსტაფის, მანუელ ნოიერს, ტომას მიულერს, მატს ჰუმელსს, ჯოშუა კიმიხსა და ფილიპ ლამს (გერმანიის ნაკრები).

სანტო კასორლას, ჩაბი ალონსოს, ხავი მარტინესს, ნაჩო მონრეალს, ხუან ბერნატსა და ტიაგო ალკანტარას (ესპანეთის ნაკრები).

მატიე დებუშის, ოლივიე ჟირუს, ფრანკ რიბერის, ლორან კოშელნისა და კინგსლი კომანს (საფრანგეთის ნაკრები).

ალექსის სანჩესსა და არტურო ვიდალს (ჩილეს ნაკრები).

მესუთ იოზილსა და ჩაბი ალონსოს (“რეალში” 2010-2013).

ალექსის სანჩესსა და ტიაგო ალკანტარას (“ბარსელონაში” 2011-2013).

პეტერ ჩეხსა და არიენ რობენს (“ჩელსიში” 2004-2007).

0.281039