ფეხბურთი

10:00 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" თუ "ნაპოლი"? - ვისი აჯობებს "სანტიაგო ბერნაბეუზე"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, მადრიდის “რეალი” იტალიურ “ნაპოლის” დაუხვდება. ორივე გუნდი ჩინებულ ფორმაშია და საფეხბურთო საზოგადოება დიდი ფეხბურთის გაჩაღებას ელის “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე”.

მადრიდის “რეალმა” ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილით დაასრულა და ამიტომაც პირველი მატჩის გამართვა საკუთარ მოედანზე უწევს. როგორც ზინედინ ზიდანმა თქვა, სწორედ ამიტომ, მისმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საპასუხო თამაშს აზრი დაუკარგოს. “ნაპოლიმ” კი ქვეჯგუფი მოიგო და პირველად გავიდა პლეი-ოფში პირველი ადგილით. საერთოდ, კი, სამხრეთული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეორედ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები ბრწყინვალე ფორმაში არიან და უკვე ზედიზედ 18 თამაშია არ წაუგია. მაურიციო სარის გუნდს შანსი აქვს ისტორიაში პირველად გავიდეს მეოთხედფინალში. ამისათვის მათ “რეალის” ბარიერის დაძლევა მოუწევთ, რომელსაც თავის მხრივ, შეუძლია გახდეს პირველი გუნდი ლიგის ისტორიაში, ვინც ზედიზედ შეძლებს ამ ტურნირის მოგებას. “ნაპოლის” რიგებში ბოლო დროს ყველაზე გამორჩეული დრის მერტენსია, რომელიც მოედანს გოლის ან საგოლე პასის გარეშე აღარ ტოვებს. ბელგიელმა შემტევმა უკანასკნელ 11 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

მადრიდელთა ბანაკში კარგი ამბებია და ტრავმირებული ფეხბურთელები დანი კარვახალი, მარსელო და ლუკა მოდრიჩი გამოჯანმრთელდნენ. მწყობრშია გარეტ ბეილიც, მაგრამ უელსელმა ვარჯიში ორი დღის წინ დაიწყო და დღეს მის მოედანზე ნახვას არ უნდა ველოდოთ. მცირე ტრავმა ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუს, რომელსაც ბოლო ვარჯიში გაუცდა, თუმცა საგანგაშო არაფერია და პორტუგალიელი თამაშს მოახერხებს.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის “რეალმა” ევროსარბიელზე ჩატარებული ბოლო 33 თამაშიდან 28 მოიგო, რაც მართლაც დიდებული შედეგია.

დღევანდელ მატჩში “რეალს” მხოლოდ გარეტ ბეილი დააკლდება, ხოლო “ნაპოლი” მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება. თავის მხრივ, სტუმართა სენეგალელი მცველი კალიდუ კულიბალი ფრთხილად უნდა იყოს, თორემ თუ ყვითელ ბარათს მიიღებს, განმეორებით თამაშში ვერ ითამაშებს.

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ვთამაშობთ პირველ თამაშს საკუთარ მოედანზე და ამიტომ, მაქსიმუმს უნდა მივაღწიოთ – მეტოქეს საპასუხო თამაშის წინ მინიმალური იმედი რომ დავუტოვოთ. თუმცა, ისინიც იგივეს გაკეთებას შეეცდებიან. “ნაპოლი” შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, სარი კი, ასრულებს დიდ სამუშაოს, ამ ყველაფერზე შედეგებიც მეტყველებენ – დიდი ფეხბურთი იქნება.

ყველას ოცნებაა, რომ გაიმარჯვოს ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ გზა გრძელი და რთული გასავლელია. ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი – დაცვის ხაზში ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა”.

მაურიციო სარი (“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი): “დაცვითი ფეხბურთის თამაში ჩვენთვის სარისკო იქნება – ამიტომაც, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ჩვენი სათამაშო სტილი შეიცვალოს. უნდა დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ. იდეაში ვეთამაშებით ევროპის ჩემპიონს, მაგრამ მთავარია, რომ გავიგოთ, რამდენად შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიოს კლასის გუნდებს. პირველი რაც მახსენდება ისაა, რომ ჩვენ ვითამაშებთ ბრწყინვალე “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

ამ სტადიონზე თამაში რთულია და მისტიკურია, მაგრამ მაღალ დონეზე აქაც უთამაშიათ გუნდებს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ რთული გასვლითი მატჩები მიმდინარე სეზონში. მაგალითად, “ბეშიქთაშთან”. ჩემს გუნდს კარგად თამაში შეუძლია, როგორც სახლში, ისე სტუმრად. სწრაფები ვართ კონტრშეტევისას, მაგრამ ასევე შეგვიძლია თამაშის და სიტუაციის კონტროლი”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

15 თებერვალი, 23:45 საათი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ვასკესი, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“რეალი” ნახევარფინალში F ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და დორტმუნდის “ბორუსიას” ჩამორჩა. “ნაპოლიმ” კი, B ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 1987-1988 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ. მაშინ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული “სამეფო გუნდი” გამოვიდა (3:1). მადრიდში მასპინძლებმა მიჩელისა და მიგელ ტენდილოს გოლებით მოიგეს, ხოლო ნეაპოლში ემილიო ბუტრაგენიომ და ჯოვანი ფრანჩინიმ გოლები გაცვალეს. “ნაპოლის” მაშინ ოტავიო ბიანკი წვრთნიდა, ხოლო კაპიტანი დიეგო მარადონა გახლდათ. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც “რეალისა” და “ნაპოლის” გზები გადაიკვეთა.

ფაქტები, სტატისტიკა

“რეალი”

“რეალმა” ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლო და შანსი აქვს მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს. გარდა ამისა, შეუძლია გახდეს პირველი გუნდი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულს დაიცავს.

“დორტმუნდთან” მატჩამდე (2:2) მადრიდელებს შინ ზედიზედ 8 ევროპული მატჩი ჰქონდათ მოგებული.

ბოლო 33 თამაშიდან კი, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალმა” 28 მოიგო. წააგო ერთადერთხელ, 2014-2015 წლების მერვედფინალში “შალკესთან” (3:4).

შარშან “რეალმა” ამავე ეტაპზე “რომა” დაამარცხა. თუმცა, მანამდე ევროსარბიელის პლეი-ოფის სტადიაზე მადრიდელებს ზედიზედ რვაჯერ წაეგოთ იტალიურ კლუბებთან.

“რეალმა” მადრიდში იტალიურ გუნდებთან აქამდე 31 თამაშიდან 22 მოიგო. 3 ფრე დაფიქსირდა და 6-ჯერ აპენინელებმა გაიმარჯვეს.

“ნაპოლი”

“ნაპოლი” მერვედფინალში მეორედ ითამაშებს, მეოთხედფინალში გასვლას კი პირველად ეცდება. 2011-2012 წლების სეზონში სამხრეთელებმა “ჩელსისთან” წააგეს დამატებით დროში (3:1, 1:4).

ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 11 ქულიდან მაურიციო სარის გუნდმა სტუმრად 7 დააგროვა. “დინამოს” და “ბენფიკას” მოუგო, ხოლო “ბეშიქთაშთან” ფრე ითამაშა.

გასული სეზონიდან მოყოლებული ევროტურნირებზე “ნაპოლიმ” შვიდი საგარეო მატჩიდან ერთადერთი წააგო (5 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) – “ვილიარეალთან” 0:1.

ბოლოს კი, ნეაპოლელებმა ესპანეთში 2011-2012 წლების სეზონში მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მეტოქე მაშინაც “ვილიარეალი” იყო (2:0). გოლები კრისტიან მაჯომ და მარეკ ჰამშიკმა გაიტანეს.

მთლიანობაში კი, “ნაპოლის” ესპანური ბალანსი ასეთია: 2 მოგება, 0 ფრე, 4 წაგება. საერთოდ კი, ბოლო ოთხი თამაშიდან ესპანელთათვის არცერთი არ მოუგიათ (2 ფრე, 2 წაგება).

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ზინედინ ზიდანი “იუვენტუსში” ხუთი წელი თამაშობდა და ორჯერ მოიგო სკუდეტო. “ნაპოლის” წინააღმდეგ მან ექვსჯერ ითამაშა და არცერთხელ წაუგია (3 მოგება, 3 ფრე). გაუტანა ორი გოლი 1996 წელს ტურინში და 1997 წლის ნოემბერში ნეაპოლში.

იმავე ზიდანმა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიას მოუგო, მაგრამ 2006 წლის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა. “რეალის” აკადემიის აღზრდილია ხოსე კალეხონი, რომელსაც მთავარ გუნდში 55 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

რაულ ალბიოლს კი, თავის დროზე “რეალის” ღირსება 81-ჯერ დაუცავს (ერთი გოლი). “ხეტაფესა” და “ვალენსიაში” თამაშის დროს ალბიოლმა მადრიდელების წინააღმდეგ 10-ჯერ ითამაშა (4 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება). ლა ლიგაში სადებიუტო გოლიც მან “რეალს” გაუტანა: 2005 წლის მარტში, როდესაც “ხეტაფეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. 2007 წლის ოქტომბერში კი, “ვალენსიას” რიგებში “სამეფო კლუბთან” დაპირისპირებისას წითელი ბარათი მიიღო.

პეპე რეინას “რეალის” წინააღმდეგ “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” რიგებში შვიდჯერ უთამაშია, მაგრამ არცერთხელ მოუგია (3 ფრე, 4 წაგება). სამაგიეროდ, რეინამ “ლივერპულთან” ერთად ძლია ესპანურ გრანდს – 2008-2009 წლების სეზონის მერვედფინალში ორჯერ (1:0, 4:0).

მატეო კოვაჩიჩს “ნაპოლი” არასდროს დაუმარცხებია: 4 თამაში, 2 ფრე, 2 წაგება.

ალვარო მორატას “ნაპოლის” წინააღმდეგ “იუვენტუსით” მაისურით აქვს ნათამაშები, თუმცა გოლი არასდროს გაუტანია (3 მოგება, 1 ფრე).

ესპანეთი ნაკრებით მორატამ, სერხიო რამოსმა და ლუკას ვასკემა მარცხი განიცადეს 2016 წელს იტალიის ნაკრებთან, რომლის რიგებშიც ემანუელე ჯაკერინი და ლორენცო ინსინიე თამაშობდნენ.

სამაგიეროდ იმავე ჯაკერინის, ინსინიესა და იტალის გერმანიის ნაკრებმა მოუგო პენალტების სერიაში. ხოლო, ალემანთა რიგებში ტონი კროოსი ირჯებოდა.

პორტუგალიის ნაკრებში კი, კრიშტიანუ რონალდუსა და პეპეს არკადიუშ მილიკის პოლონეთი ჰყავთ დამარცხებული. რონალდუმ და მილიკმა პენალტების სერიაში გაიტანეს.

ლორენცო ინსინიე ალვარო მორატასა და ისკო არაკონის ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა 2013 წელს – 2:4.

ერთად უთამაშიათ

სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ნაჩო მონრეალი, ლუკას ვასკესი, ისკო, ალვარო მორატა, პეპე რეინა, რაულ ალბიოლი და სოხე კალეხონი (ესპანეთის ნაკრები).

მატეო კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი, მარკო როგი და ივან სტრინიჩი (ხორვატიის ნაკრები).

0.163855