სამწუხაროდ, ცხოვრება ძველებურ ვიდეოკასეტას არ გავს, რომ წლები უკან გადავახვიოთ და წარსული უკან ამ გზით მოვიტოვოთ. ეს ყველაფერი კარგად უწყის ცნობილმა პარაგვაელმა მოდელმა და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების მზემ და მთვარემ - ლარისა რიკელმემ, მაგრამ თავისას მაინც არ იშლის.
წლების უკან გადახვევაზე რა გითხრათ და, ლარისა თურმე ერთობ საინტერესო ფოტოსესიაში იღებს მონაწილეობას, რომელიც მზის შუქს მიმდინარე წლის მარტში იხილავს. ამ ფოტოსესიაში ეს ჩვენი მრავლისმქმნელი ლარისა თურმე თინეიჯერი გოგოსავით იქნება გამოწკეპილი და ჩაცმული.
როგორც გაღმაუბნელი მჟავე ვანო ვერ გახდება ენცო ბეარზოტი, ისე ლარისასგან ვერ მივიღებთ უბიწო ქალიშვილს, მაგრამ ასეთი ყოფის ქალს ახალგაზრდული სიცქვიტის ამბიცია რომ აქვს – ეს უკვე ნამეტნავად მნიშვნელოვანი ამბავია. ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ლარისა კიდევ კარგა ხანს არ მოგვასვენებს.