ჩოგბურთი

11:30 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 20 ადგილით დაწინაურდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ერთბაშად 20 ადგილით დაწინაურდა და 714 ქულით 67-ე პოზიციაზე იმყოფება. ბასილაშვილისთვის ასეთი მოწინავე ადგილი კარიერაში სარეკორდოა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა აღნიშნული წინსვლა სოფიას ტურნირზე გამოსვლით დაიმსახურა. ნიკოლოზმა ბულგარეთის დედაქალაქში სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალსი გასვლით 90 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. სოფიას ღია პირველობაზე ნიკამ პირველ წრეში ადრიან მანარინო (2:0) დაამარცხა. შემდეგ შეჯიბრებას მსოფლიოს მერვე ჩოგანი და ტურნირის პირველი ნომერი დომინიკ ტიმი (2:0) გამოთიშა. მეოთხედფინალში მარტინ კლიჟანი დაამარცხა (2:1), ხოლო ნახევარფინალში მომავალ გამარჯვებულთან გრიგორ დიმიტროვთან წააგო (0:2).

ბასილაშვილი ბულგარეთიდან გაემგზავრა ამერიკაში, სადაც მემფისის ღია პირველობაზე იასპარეზებს. 1/16-ფინალში ქართველის მეტოქე ჯორდან ტომპსონი იქნება. ამერიკელი რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა და 63-ე პოზიციაზე იმყოფება. მეტოქეები ერთმანეთს მიმდინარე წლის 10 იანვარს სიდნეის ტურნირის პირველ წრეში შეხვდნენ და მაშინ ტომპსონმა 7:5, 6:2 იმარჯვა. ამ წყვილში გამარჯვებული კი ხორვატ ივო კარლოვიჩს დაუპირისპირდება. ქართველის და ამერიკელის შეხვედრა 15 თებერვალს 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა ქართველი ჩოგბურთელების რეიტინგს რაც შეეხება, ალექსანდრე მეტრეველმა ერთი ადგილით გაიუარესა შედეგი და 73 ქულით 504-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო გიორგი ცივაძის რეიტინგი 12 ადგილით გაუარესდა და 20 ქულით 829-ე პოზიციაზეა.

0.128309