81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ზებედა რეხვიაშვილმა პარიზის გრან სლემის დილის პროგრამა დაუმარცხებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.
რეხვიაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლანდიელ ფრენკ დე ვიტს დაეჭიდება. ღვინიაშვილი სლოვენიელ მიხაელ ზგანკს დაუპირისპირდება, ლიპარტელიანი – ჰოლანდიელ მიხაელ კორელს, ხოლო თუშიშვილი - მონღოლ დუურენბაიარ ულზიიბაიარს.
დღესვე, საქართველოს სახელით ფრანგულ ტატამზე თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ) და ლევან მატიაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დილის პროგრამაში დაკარგეს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.