საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის დუდა სანაძის "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატის მე-18 ტურში კონკურენტი "ჰელიოსი" სტუმრად 65:49 დაამარცხა, ქართველი კი 14 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.
დუდამ განვლილ მატჩში 15:36 წუთი ითამაშა, ამ ხნის განმავლობაში კი 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 6 საჯარიმოდან ყველა გამოიყენა. დუდა სლოვენიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში (299) პირველ ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ "ზლატოროგის" მოთამაშე იგორ ტრატნიკი ქართველს ქულებით (313) უსწრებს, დუდას საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს (17,59 ქულა) და ამიტომაცაა პირველ ადგილზე.
აღნიშნული გუნდები პლეიოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან და ამ გამარჯვებით "პრიმორსკა" მე-6 ადგილზე იმყოფება, ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე კი საუკეთესო 6 გუნდი თამაშობს. მომდევნო შეხვედრა სანაძის გუნდს 26 თებერვალს ელის მეორეადგილოსან "ზლატოროგთან", რომელთანაც პირველი მატჩი 77:94 წააგო.