ავტოსპორტი

23:41 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას ორი მეორე ადგილი აბუ დაბიში

დათა ქაჯაიასთვის ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყო. არა იმიტომ, რომ ახალ გუნდთან ერთად, პირველივე ორ რბოლაში მეორე ადგილები დაიკავა. არამედ უფრო იმიტომ, რომ მანქანით ძირითადად კმაყოფილია და TCR-ის საერთაშორისო სერიის ახალ სეზონისაც ოპტიმიზმით ხვდება. ქართველმა მრბოლმა TCR-ის ახლოს აღმოსავლური სერიის მეორე ეტაპზე, რომელიც აბუ დაბიში გაიმართა, ორივე რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა.

პირველი რბოლის შესახებ, მან განაცხადა: „ძალიან კარგი სტარტი მქონდა და რვა წრე ლიდერი ვიყავი. მაგრამ დასაწყისში ძალიან აგრესიული ვიყავი, რათა მაღალი ტემპი მქონოდა. ამიტომ წინა საბურავებს ჩაჭიდება თანდათან დააკლდა. ამიტომ ვიცოდი, რომ პირველ ადგილს ვერ შევინარჩუნებდი. ჯოშს (ფაილსს) ხელი არ შევუშალე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მანქანა კარგადაა მომზადებული და იმედი მაქვს, მეტი კვარცხლბეკისთვის ბრძოლას შევძლებ. მანქანა კარგი სამართავია და მას კარგად შევეგუე. დიდ მადლობას ვუხდი გუნდს - მათ მართლა კარგად იმუშავეს და მანქანა ყოველ სესიაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ დახვეწეს“.

მეორე რბოლა დათამ მეექვსე პოზიციიდან (რევერსის წესის გამო) დაიწყო. სტარტზე ოდნავ შეყოვნდა და პირველი რბოლის გამარჯვებულმა ჯოშ ფაილსმა გაასწრო, რომელიც პირველივე წრეზე დაწინაურდა მას შემდეგ, რაც ლუკა ენგსტლერს მე-6 მოსახვევში გაასწრო. ქაჯაიამ მესამეზე გადაინაცვლა.

მეორზე წრეზე, დათამ მე-3 და მე-20 მოსახვევებში დაუშვა შეცდომები, თუმცა პოზიცია შეინარჩუნა. შემდეგ წრეზე კი, მე-8 მოსახვევში ენგსტლერს გაასწრო და მეორეზე გადაინაცვლა. ამ დროს, ფაილსს უკვე მოესწრო რამდენიმე წამით დაწინაურება და ფინიშთანაც პირველი მივიდა. ქაჯაიას კი მეორე პოზიციის შენარჩუნება არ გასჭირვებია.

ნარბოლევს დათამ განაცხადა, რომ სტარტზე ბორბლები ადგილზე მოუსრიალდა, რის გამოც ტემპი დროულად ვერ აკრიფა. ამასობაში, „ჯოშმა ყველას სწრაფად გაასწრო, მე კი მათი გასწრება ცოტა გამიჭირდა, რაზეც დრო დავკარგე. მაგრამ მეორეზე მაინც გადავინაცვლე. სლიპსტრიმით ენგსტლერის გასწრება არ გამჭირვებია. თუმცა ამ დროს ჯოში უკვე საკმაოდ წინ იყო და ამიტომ გადავწყვიტე, რბოლა საკუთარ ტემპში გამეგრძელებინა და ლუკა (ენგსტლერი) გამეკონტროლებინა. ახლა ბაჰრეინისთვის მოვემზადები და იქაც კვარცხლბეკისთვის ვიბრძოლებ“, - განაცხადა ქაჯაიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095935