ძიუდო

21:35 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს დუბლი ფრანგული ტატამიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემის პირველ დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ავიდნენ. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ორივემ მეოთხედფინალში დაკარგა. ორივემ მომავალ ჩემპიონთან წაგებით.

პაპინაშვილს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონმა – იაპონელმა ნაოჰისა ტაკატომ ჩაუკეტა, პირველსავე წუთზე შესრულებული სუფთა გდებით. ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა ქართველმა მსუბუქწონოსანმა ამ შეხვედრამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა. ორივე იპონით. უნგრელ ჩაბა სზაბოს სამწუთნახევარში სამი შიდო მიაღებინა. რუსეთის ნაკრების წევრ ალბერტ ოგუზოვს კი საფინალო გონგამდე 3 წამით ადრე მოუმთავრა საქმე.

რეპეშაჟის ნახევარფინალში პაპინაშვილმა ფრანგ ვინსენტ ლიმარს 2 წუთსა და 49 წამში აჯობა იპონით. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სამხრეთკორეელ ჩანიონგ კიმთან, მეოთხე წუთზე შესრულებული ვაზარით იმარჯვა და პარიზის გრან სლემის კვარცხლბეკზე მეექვსედ ავიდა. 2011, 2012 და 2013 წლებში ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2009 და 2014 წლებში კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა გრან სლემი ბრაზილიელ დანიელ კარნინისთან, სამი შიდოთი მოპოვებული გამარჯვებით გახსნა. მერვედფინალში ყირგიზ ბაკტურ რისმამბეტოვს ვაზარით სძლია. მეოთხედფინალში კი იაპონელ ჰიფუმი აბესთან მეოთხე წუთზე ბეჭებზე დავარდა.

"ბრინჯაოს ნახევარფინალში” მარგველაშვილმა პორტუგალიელ სერგიუ ოლეინიჩს ორი ვაზარი აუღო და დამაჯერებლად მოუგო, ოღონდ ახალი წესების თანახმად, ორი ვაზარი იპონს აღარ უდრის და შეხვედრაც სრული 4 წუთი (ესეც ახალი წესებით) გაგრძელდა.

რეპეშაჟის ფინალში ქართველი ძიუდოისტი მონღოლ ხერლან განბოლდს დაუპირისპირდა და 43 წამი აკმარა ბეჭებზე გასაკრავად.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანიც გავიდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კარგად დაიწყო – ჩინელი შანგი ორი ვაზარით ჩამოიშორა, ხოლო ფრანგი სედრიკ რევოლი – იპონით, მაგრამ მერვედფინალში ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკესთან ვეღარას გახდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მერვედფინალითვე დაასრულა გრან სლემზე გამოსვლა ლაშა შავდათუაშვილმაც. ფრანგ ლუი კორვალთან მისი დაპირისპირების ბედი ერთმა შიდომ გადაწყვიტა. მსაჯმა დამატებითი დროის მე-4 წუთზე საკამათო, მაგრამ მასპინძელთათვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო და კორვალს მეოთხედფინალისკენ გზა გაუხსნა. ოლიმპიური და ევროპის ქართველი ჩემპიონი კი ფრანგულ ტატამზე უსაქმოდ დატოვა. ამ დაპირისპირებამდე შავდათუაშვილმა მონღოლი ხადბაატარ ნარანხუუ სამწუთნახევარში ჩამოიშორა იპონით.

73 კილოგრამში კიმონო საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფრიდონ გიგანმაც მოირგო, მაგრამ ერთადერთხელ – პირველსავე შეხვედრაში სუფთად დამარცხდა, პორტუგალიელ ჟორჟე ფერნანდეშთან.

დღესვე, საფრანგეთში, საპრიზო სამეულები 48, 52, 57 და 63 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ქალებმაც შეავსეს. ქართული დელეგაცია პარიზში მხოლოდ მამაკაცთა გუნდითაა ჩასული და ხვალაც, ჩვენთვის საინტერესო სწორედ მამაკაცების ჭიდაობა იქნება.

ხვალ მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ გამოვლენ: ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე 81 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117401