TCR-ის საერთაშორისო სერიის წლევანდელ სეზონში დათა ქაჯაია „ალფა რომეო ჯულიეტათი“ იასპარეზებს. ქართველმა მრბოლმა უკვე გაიარა პირველი ტესტები დუბაის ავტოდრომზე და სატესტო რეჟიმში, აბუ დაბის იას მარინა ცირკვიტზე, TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიის მეორე რბოლაშიც ჩაერთო.
ქაჯაია პირველი ტესტის შემდეგ, მანქანით და მისთვის ახალი გუნდით კმაყოფილი დარჩა. „ჯულია ძალიან მომწონს, ის ადვილად სამართავია. მის საჭესთან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თითქოს, მას ადრეც ვმართავდი. ამასთან, გუნდი ძალიან მეგობრული და პროფესიონალურია. მანქანას დიდი პოტენციალი აქვს, რაც მიქელა ჩერუტის მიერ დუბაიში დაკავებულმა მეორე ადგილმაც დაადასტურა. მჯერა, რომ აბუ დაბიში კვარცხლბეკზე ადგილის დასაკავებლად ბრძლას შევძლებ“, - განაცხადა ქართველმა მრბოლმა.
დღეს გამართული კვალიფიკაციის პირველ ნაწილში, ქაჯაიას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მეორე დროის დაფიქსირებაში. პირველი კი „ჰონდა სივიკით“ მოასპარეზე ბრიტანელი ჯოშ ფაილსი იყო. ნარბოლევს ქართველმა მრბოლმა აღნიშნა, რომ ნელ მოსახვევებში, ძრავის დაბალ ბრუნვებზე, ჭარბი მაბრუნი მომენტის გამო, მცირე პრობლემები ჰქონდა.
პირველი რბოლის სტარტზევე, ფაილსი ოდნავ შეყოვნდა, რითაც უმალ ისარგებლა ქაჯაიამ და დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, ბრიტანელი რვა წრის განმავლობაში უტევდა ქართველს, რომელიც ადვილად ახერხებდა მის მოგერიებას. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო. მე-6 წრეზე, მათ შორის მხოლოდ 0.27 წამი დარჩა, რამაც მდევარს შეტევის საშუალება მისცა, მაგრამ ლიდერმა პოზიცია დაიცვა.
განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა მე-8 წრე, რომლის მე-14 მოსახვევშიც, შეტევაზე მყოფი ფაილსი ლამის ტრასიდან გადავარდა. თუმცა ტემპის შენარჩუნება შეძლო და ოთხი მოსახვევის შემდეგ, დათას ისევ შეუტია. მათ შორის მცირე კონტაქტიც კი მოხდა, მაგრამ ქაჯაიამ ლიდერობა ისევ შეინარჩუნა. მომდევნო წრის მე-18 მოსახვევში ფაილსმა ისევ შეუტია და მართალია, დათამ კვლავ შეინარჩუნა ლიდრობა, მაგრამ ორი მოსახვევის შემდეგ, ბრიტანელმა მიზანს მაინც მიაღწია.
ერთი საინტერესო ფაქტი: ქაჯაიას „ჯულია“ 1.7-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, ფალსის „სივიკს“ კი 2.0-ლიტრიანი ძრავი აქვს. სხვათა შორის, TCR-ის საერთაშორისო სერიის სეზონის დასაწყისისთვის, რომელსაც რუსთავის საერთაშრიო მოტორპარკი უმასპინძლებს, „ალფა რომეო“ 2.0-ლიტრიან ძრავს ამზადებს...
ახლო აღმოსავლური სერიის აბუ დაბის ეტაპის მეორე რბოლა შაბათ დილით გაიმართება. რევერსის წესის შესაბამისად, მასზე ქაჯაია სტარტს მე-6 პოზიციიდან აიღებს.







