ფიდეს სამდივნოს
ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს წევრებს
მოგეხსენებათ, 2017-18 წლებში საქართველოში ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით იმართება ისეთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები, როგორიცაა მსოფლიო თასი, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ასევე, 2018 წელს საქართველო მასპინძლობს ფიდეს 89-ე კონგრესს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესსექტორის მხარდაჭერით, ყოველდღიურად ინტენსიურად მუშაობს, რათა აღნიშნული ღონისძიებები უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და უპასუხისმგებლოა ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის ბოლო მოქმედება. კერძოდ:
გავეცანით კირსან ილუმჟინოვის ოფიციალურ ვეგვერდზე (kirsan.today) გამოქვეყნებულ ნიუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფიდეს პრეზიდენტი შეხვდა აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გამოხატავს პროტესტს შემდეგ 2 საკითხთან დაკავშირებით:
- ფიდეს პრეზიდენტი ხვდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის - აფხაზეთის (რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საქართველოს განყოფელი ნაწილი და ოკუპირებული ტერიტორიაა) - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს.
- ფიდეს პრეზიდენტი გადასცემს დიპლომს, რომლის გაცემის არც მორალური და არც ლეგიტიმური უფლება არა აქვს.
2015 წლის დეკემბერში ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილებით კირსან ილუმჟინოვს, როგორც ფიდეს პრეზიდენტს, შეჩერებული აქვს ყველა უფლება-მოსილება. მას მხოლოდ მაშინ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები, თუკი ამის ნებართვას მას აძლევს ფიდეს საპრეზიდენტო საბჭო.
მოგმართავთ, განგვიმარტოთ:
ა) ჰქონდა თუ არა კირსან ილუმჟინოვს უფლება, ხელმოწერილი დიპლომი გადაეცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის.
ბ) რა სტატუსით ხვდება კირსან ილუმჟინოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელს.
გ) აცნობიერებთ, თუ არა რამდენად სენსიტიური თემაა საქართველოსთვის აფხაზეთის თემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიაა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს საპრეზიდენტო საბჭოზე განიხილოთ ეს საკითხი და მოახდინოთ სათანადო რეაგირება.
ველით თქვენს გამოხმაურებასა და ქმედებებს.
პატივისცემით,
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი
გიორგი გიორგაძე
gcf.org.ge