საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიას ღია პირველობის მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი დომინიკ ტიმი 6:4, 6:4 დაამარცხა.
ნიკოლოზმა კარიერაში პირველად მოუგო მსოფლიო რეიტინგის მერვე ნომერს, აქამდე მას ყველაზე უკეთესი განთესვით მსოფლიოს რეიტინგის მეათე ნომერი ტომაშ ბერდიხი ჰყავდა დამარცხებული.
ქართველ ჩოგბურთელს ტიმის დასამარცხებლად საათი და 12 წუთი დასჭირდა. ნიკამ სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა ისე, რომ თვითონ არც ერთხელ დაუკარგავს ჩაწოდება. დომინიკს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ბასილაშვილმა სამივე გადაარჩინა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი კორტზე თავდაჯერებულად თამაშობდა, სიტუაციას აკონტროლებდა და რამდენიმე ლამაზი ბურთიც ჩააგდო. ავსტრიელს ბექჰენდიდან თამაში არ გამოსდიოდა და ნიკაც უფრო მეტად ბექჰენდზე ეთამაშებოდა და დომინიკი ბევრ შეცდომას უშვებდა.
მიმდინარე ტურნირზე ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 13 970 ევრო გამოიმუშავა.
1/4-ფინალში ნიკა მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერს, სლოვაკ მარტინ კლიჟანს შეხვდება. მატჩი 10 თებერვალს თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული.