20 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე 2017 წლის ივნისამდე ეკატერინბურგის "ურალში" ითამაშებს. როგორც იცით, ჯიმი ბელგიურ "გენტს" ეკუთვნის და დღეს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება რუსულ კლუბთან. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის მენეჯერმა, ამავდროულად ფოთის "კოლხეთის" სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ მოგვაწოდა.
"ტაბიძით "ურალი" დაინტერესდა და გამოსყიდვაც სურდა, მაგრამ განათხოვრებაზე შევთანხმდით. "ურალის" მწვრთნელ ტარხანოვს ჯიმი ძალიან მოსწონს. ფეხბურთელისთვისაც სჯობდა აქ გადმოსვლა, რადგან უკეთესი ვარიანტი აღარ იყო: ზამთარში ჭირს გუნდის მოძებნა მაშინ, როცა უთამაშებელი ხარ.
...როჟერ ჰენროტაი ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი აგენტია, მასთან ერთად მეც ვმონაწილეობდი ტაბიძის საკითხში. როჟერმა, მე და "საბურთალოს" დირექტორმა კახა კაშიამაც (რომელსაც დიდი წვლილი მიუღძვის ფეხბურთელის აღზრდაში) ვამჯობინეთ ოთხთვიანი იჯარა, რაზეც დაგვთანხმდნენ. "ურალის" მხრიდან მთავარი როლი ამ გარიგებაში ვალერი ოგანესიანმა შეასრულა. რაც მთავარია, თვითონ ჯიმის უნდოდა, რომ იჯარით წამოსულიყო კლუბში. უპირველესად, მისი ინტერესი იყო გასათავალისწინებელი.
...როჟერ ჰენროტაიზე ადრეც გვისაუბრია და შეგახსენბთ, ეს ის კაცია, რომელმაც ქართული გუნდებიდან წაიყვანა კიკაბიძე, ბერიძე, ტაბიძე, შენგელია. მეც სწორედ მასთან ვმუშაობ. სწორედ ჰენროტაიმ 1996 წელს ბელგიის "სტანდარდში" წამიყვანა. როჟერი გახლავთ ისეთი ფეხბურთელების მენეჯერი, როგორებიც არიან კურტუა, მირალაშაი, კარასკო და სხვები".
შეგახსენებთ, ტაბიძე "საბურთალოს" აღზრდილია, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და წლეულს იანვარში საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.