ფეხბურთი

3:25 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოპა დელ რეი: “ალავესმა” ისტორია გადაწერა

ესპანეთის თასის მეორე ნახევარფინალური წყვილის განმეორებით მატჩში “ალავესი” შინ “სელტას” დაუპირისპირდა, დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და სენსაციურად, გათამაშების ფინალში გავიდა.

“სელტამ” 1/4 ფინალში მადრიდის “რეალის” გამოგდება მოახერხა, ლა ლიგაშიც უფრო მაღალი საფეხური უჭირავს და ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ორრაუნდიან ბრძოლაში ვერაფერი მოახერხეს და ხელიდან დიდი წარმატება გაუშვეს.

შეხვედრა დაძაბული და საკმაოდ თანაბარი გამოდგა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ შეხვედრა სულ სხვანაირად დასრულებულიყო.

პირველ ნახევარში “სელტას” რიგებიდან იაგო ასპასს ორჯერ შეეძლო გატანა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან მიზანთან ყველაზე ახლოს იბაი გომესი გახლდათ, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა, მაგრამ სერხიო ალვარესის კარს ოდნავ გადააცილა.

იბაის მეორე ტაიმში შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერად მეკარემ აუღო. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ პირველი მატჩის მსგავსად 90 წუთში გოლი არ უნდა გასულიყო და თამაში დამატებით დროში გადასულიყო, მაგრამ ორმატჩიანი დუელი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადაწყდა: 81-ე წუთზე ვიქტორ კამარასამ სტუმართა სამი მცველი ჩამოიშორა და სერხიო ალვარესს ახლო მანძილიდან გაუტანა.

დარჩენილ დროში “სელტა” მთელი გუნდით უტევდა, თუმცა გოლთან ახლოს “ალავესი” გახლდათ. ბასკებმა ორი უმწვავესი კონტრშეტევა განახორციელეს: პირველ ეპიზოდში მეკარესთან პირისპირ დარჩენილ დეივერსონზე გვერდითმა მსაჯმა არ არსებული თამაშგარე დააფიქსირა, ხოლო მეორე შემთხვევაში 96-ე წუთზე ასევე კიპერთან ერთი-ერთზე გასულმა ვიქტორ კამარასამ სერხიო ალვარესს ვერ აჯობა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან წამებში მატეუ ლაოსის სასტვენის ხმა გაისმა, რაც იმის მაუწყებელი გახლდათ, რომ “ალავესი” 96-წლიანი არსებობის განმალობაში ესპანეთის თასის ფინალში პირველად გავიდა და მთელი “ესტადიო მენდიზოროცა” უდიდესმა ზეიმმა მოიცვა.

ალავესი – სელტა 1:0 (0:0) პირველი მატჩი (0:0)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.გარსია, მ.ლორენტე, ტოკერო (მენდეში 79; მენდეში 93), კამარასა, იბაი (ვიგარაი 88), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, რონკალია, კაბრალი, ხონი, მალიო, მ.დიასი (გუიდეტი 83), რადოია, პ.ერნანდესი, ვასი (როსი 86), ბონგონდა (სისტო 74), ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლი: კამარასა (82)
გაფრთხილებები: ფედალი, ტ.ერნანდესი – ასპასი, მ.დიასი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

0.266283