ფეხბურთი

10:00 | 9.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: "აიაქსთან" თამაში განსაკუთრებულია"

ვარშავის “ლეგია” ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ამსტერდამის “აიაქსს” შეხვდება. ჰოლანდიური გუნდის შესაძლებლობები კარგად მოეხსენება პოლონეთის ჩემპიონის ქართველ ლეგიონერ ვაკო ყაზაიშვილს – სწორედ ამიტომ, მას ჰოლანდიური მედია გაესაუბრა და “აიაქსთან” მოახლოებული მატჩის გარდა, პეტერ ბოშზეც დაეკითხა, რომელიც თავის დროზე ვაკოს არნემის “ვიტესში” წვრთნიდა.

“ჰოლანდიაში ხუთი წელი ვითამაშე და ის ჩემი მეორე სახლია. ახლა კი, “აიაქსის” წინააღმდეგ ისევ მომიწევს თამაში, რაც ჩემთვის განსაკუთრებულია. მინდა, რომ ამ მატჩებში ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო.

პეტერ ბოში? – “ვიტესში” თამაშის დროს საუკეთესო პერიოდი სწორედ მისი ხელმძღვანელობით მქონდა - იგი დიდი მწვრთნელია. ჩემთვის უცნაური იქნება მასთან დაპირისპირება.

არ ვფიქრობ, რომ “აიაქსი” ფავორიტია. ჩემი აზრით, შანსი თანაბარია 50%-50%-ზე”, - უთხრა ვაკომ VOETBAL.NL-ს.

“აიაქსისა” და “ლეგიას” მეთექვსმეტედფინალური მატჩები 17 და 23 თებერვალს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ვაკო ყაზაიშვილს “აიაქსის” წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშია და 3 გოლი აქვს გატანილი. აქედან ორჯერ მან თავი “ამსტერდამ არენაზე” გამოიჩინა.

0.116789