ფეხბურთი

18:57 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საგანმანათლებლო პროგრამა - "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" დაიწყო

საგანმანათლებლო პროგრამის "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" პირველი სემინარი სასტუმრო ჰუალინგში ჩატარდა. რამდენიმე ეტაპიანი შერჩევის შედეგად მიღებულმა კურსის მონაწილეებმა დღეს პროექტის მიმდინარეობისა და პროგრამის ტექნიკური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პროექტის ხელმძღვანელი, ბაქარ ჟორდანია მონაწილეებს ფეხბურთის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა და სალექციო კურსის გეგმა გააცნო.

"სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" სემინარის დაწყებამდე პროგრამის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მონაწილეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა: "უპირველესად მინდა მივულოცო ჩვენ სტუდენტებს - თქვენ ხართ ის 30 ადამიანი, ვინც პირველად გაივლის ამ პროგრამას ქართულ ენაზე.

საფეხბურთო განათლების ამაღლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველ ნაკადში სწორედ ის ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც უკვე არიან დასაქმებულნი საფეხბურთო სფეროში.

გილოცავთ ასევე იმას, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ საკმაოდ რთული კონკურსი, გადალახეთ ყველა ეტაპი და დღეს აქ ხართ. მინდა, ასევე ჩვენს ლექტორებს მივულოცო და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი ვუსურვო. ეჭვი არ მეპარება, რომ გაუზიარებთ თქვენს ცოდნას, გამოცდილებას და ძალისხმევას არ დაიშურებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებისთვის ეს კურსი მათი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპად იქცეს,-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

გახსნის ცერემონიას და პირველ სემინარს უეფას საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი სარა ჰოლმგრენიც ესწრებოდა, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"მსურს, უეფას სახელით მოგესალმოთ და გითხრათ, რომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც უეფას საგანმანათლებლო კურსის ანალოგიური ქართული ვერსია შექმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კურსი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, როგორც მონაწილეთა საფეხბურთო განათლების ამაღლებაზე, ისე ზოგადად, საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია."

საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს, უფასოა მსმენელთათვის და ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროგრამა უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და სრულად უეფას დაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებსა და სფფ-ის იურისდიქციას გაეცნობიან. ასევე შეისწავლიან სტრატეგიული მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ადამიანური რესურსების მართვის, ღონისძიებების ორგანიზების, სტადიონებისა და უსაფრთხოების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

„სფფ - ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ 2017 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამაში მონაწილე პირებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

სფფ-ის პრესსამსახური

0.128334