ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ისევ მაურო იკარდის წინააღმდეგ გამოდის - როგორც კი მან შეიტყო, რომ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედგარდო ბაუსა მილანის „ინტერის“ თავდამსხმელ მაურო იკარდის შეხვდა, მაშინვე მასაც მოღალატე უწოდა.
„იკარდი არგენტინის ნაკრებში? - უმჯობესია, ამაზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ თუ ედგარდო ბაუსა მართლაც შეხვდა იკარდის, მაშინ ისიც მის მსგავსად მოღალატეა“, - უთხრა დიეგომ ESPN-ს.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში გამოძახების წინააღმდეგია და მიზეზად იმ ცნობილი ფაქტს ასახელებს, რომ „ინტერის“ შემტევმა თავისი მეგობრის, მაქსი ლოპესის მეუღლესთან გააბა რომანი და მერე თავად მოიყვანა ცოლად. მარადონა სწორედ ამიტომ მიიჩნევს იკარდის მოღალატედ.
აქვე გეტყვით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ედგარდო ბაუსა მილანში იმყოფებოდა და მაურო იკარდის პირადად შეხვდა.