ფეხბურთი

10:00 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ქართული მიდი-მოდი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა – როგორც წესი, ერთთვიანი საფეხბურთო ვაჭრობა ზაფხულის მარათონულ ბაზრობას ვერ შეედრება, მაგრამ საინტერესო სატრანსფერო სიახლეები ახლაც იყო. მათ შორის, ქართველი ფეხბურთელების მხრივაც. მართალია, ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული და ხმაურიანი ქართული ტრანსფერი გაიჩარხა, მაგრამ აი, სიუხვით და მრავალფეროვნებით ნამდვილად გამოირჩა.

WORLDSPORT.GE შეეცდება იანვარში განხორციელებული ყველა ქართული ტრანსფერი გაიხსენოს. საუბარი მხოლოდ იმ ფეხბურთელებზეა, რომელთაც უცხოეთს მიაშურეს ანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიცვალეს გუნდები.

რომან ჭანტურია “ემპოლიდან” “ოლჰანენსეში” – იტალიური “ემპოლის” ქართველი შემტევისთვის, მიუხედავად ახალგაზრდული გუნდის საუკეთესო ბომბარდირობისა გასულ სეზონში, მთავარი გუნდში ადგილი ამ ეტაპზე არ გამოინახა. იანვარში ჭანტურიამ გუნდი შეიცვალა და კარიერას პორტუგალიის სეგუნდა ლიგის აუტსაიდერ “ოლჰანენსეში” გააგრძელებს. ტრანსფერი საიჯაროა სეზონის ბოლომდე.

გია გრიგალავა “ეთნიკოსიდან” “არსენალში” – რუსეთის პრემიერლიგას დაუბრუნდა გამოცდილი მცველი გია გრიგალავა. კვიპროსული თავგადასავლის შემდგომ (“პაფოსი” და “ეთნიკოსი”) გია ტულის “არსენალისთვის” გაირჯება. კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, თუმცა შესაძლებელია მისი ერთი წლით გახანგრძლივებაც.

ლუკა ზარანდია “ლოკომოტივიდან” “არკაში” – ლუკა ზარანდია ბელგიური “გენკიდან” საქართველოში გასულ ზაფხულს დაბრუნდა, თუმცა 6-თვიანი ვოიაჟის შემდგომ ისევ უცოხეთს მიაშურა, პოლონეთის ექსტრაკლასის ბინადარ “არკაში” გადავიდა. ხელშეკრულება 2.5 წლიანია.

გიორგი ბერიძე “გენტიდან” “ტრენჩინში” – ბელგია დატოვა კიდევ ერთმა ქართველმა – გიორგი ბერიძემ “გენტის” დუბლების თამაშს სლოვაკური “ტრენჩინი” არჩია და სადებიუტო თამაშები მართლაც ჩინებულად ჩაატარა. ბერიძე სლოვაკეთში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

სანდრო კობახიძე “ვორსკლადან” “გიოზთეფეში” – საქართველოს ნაკრების წევრმა სანდრო კობახიძემ უკრაინა დატოვა და ამიერიდან თურქეთის I ლიგის ბინადარ “გიოზთეფესთვის” გაირჯება. ეს გუნდი ქვედა ლიგაში მოწინავე პოზიციაზეა და უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის.

მათე ვაწაძე “ლოკომოტივიდან” “ვიბორგში” – დანიის სუპერლიგას დაუბრუნდა მათე ვაწაძე. გამოცდილი ფორვარდი სეზონის პირველ ნახევარში “ლოკომოტივში” ირჯებოდა, თუმცა ევროპაში მალევე დაბრუნდა. სუპერლიგის აუტსაიდერია “ვიბორგი”, მისი ახალი გუნდი. კონტრაქტი კი მათემ 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ლაშა შერგელაშვილი “სამტრედიადან” “რიგასში” – საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა შერგელაშვილი ლატვიაში წავიდა და დედაქალაქურ “რიგასში” იასპარეზებს.

ოთარ კაკაბაძე “ხიმნასტიკიდან” “ესბიერგში” – ოთარ კაკაბაძემ კატალონური “ხიმნასტიკი” დატოვა და სეზონს დანიაში, კერძოდ, “ესბიერგში” ჩაამთავრებს. აღნიშნულის მიზეზი მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება გახლავთ. კაკაბაძე სკანდინავიაში იჯარის წესით ითამაშებს.

ლევან შენგელია “ტუბიცედან” “ტეჯონ სიტიზენში” – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ბელგიური “ტუბიცე” დატოვა. კარიერას კი, არა ევროპაში, არამედ სამხრეთ კორეაში გააგრძელებს – ქვედა ლიგის ბინადარი “ტეჯონ სიტიზენი”. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს ერთი პრეზიდენტი ჰყავთ. კონტრაქტი საიჯაროა.

აკაკი ხუბუტია “დინამოდან” “გაზ მეთანში” – თბილისის “დინამო” დატოვა და რუმინეთს დაუბრუნდა აკაკი ხუბუტია. გამოცდილი მცველი ნაცნობ ადგილს მივიდა – “გაზ მეთანში”.

უჩა ლობჟანიძე “დინამოდან” “ატირაუში” – საქართველოს ნაკრების მცველი “დინამოში” გატარებული ერთი წლის მერე, უცხოეთს დაუბრუნდა და ამიერიდან ყაზახეთში, “ატირაუში” ითამაშებს.

ვლადიმერ დვალიშვილი “დინამოდან” “ატირაუში” – იგივე გზაზე გაიარა ვლადიმერ დვალიშვილმაც. ის და ლობჟანიძე ერთდროულად გახდნენ “ატირაუს” ფეხბურთელები.

მათე ცინცაძე “დინამოდან” “პოგონში” – თბილისის “დინამო” დატოვა მათე ცინცაძემაც. ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი კი, პოლონური “პოგონია”, რომელიც პირველი უცხოური გუნდია მის კარიერაში. ცინცაძემ პოლონეთს ბედი 2020 წლამდე დაუკავშირა.

გიორგი ერისთავი “დილადან” “ლიეპაიაში” – გორის “დილა” დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ერისთავმა. იგი ლატვიაში, “ლიეპაიაში” ჩაირიცხა, რომელსაც ქართველი თამაზ პერტია წვრთნის.

ბუდუ ზივზივაძე “სამტრედიადან” “ესბიერგში” – საქართველოს ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი და ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძეც უკვე ლეგიონერია. 22 წლის ფორვარდმა დანიურ “ესბიერგთან” კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ლუკას ჰუფნაგელი “ფრაიბურგიდან” “ნიურნბერგში” – გუნდი შეიცვალა ლუკას ჰუფნაგელმაც. “ფრაიბურგში” სათამაშო პრაქტიკას დანატრებული შემტევი II ბუნდესლიგის წევრ “ნიურნბერგს” შეუერთდა, კონტრაქტი საიჯაროა.

ჯაბა ჯიღაური “დინამოდან” “ვარდარში” – თბილისის “დინამო” ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმაც დატოვა. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი მაკედონიაში გადაბარგდა და იქაური ჩემპიონატის ლიდერ სკოპიეს “ვარდართან” გააფორმა ხელშეკრულება.

გარდა ამისა, კიდევ არიან ისეთი ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად უგუნდოდ იმყოფებიან და მათ ახალ გუნდებში უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. მაგალითისთვის, ნუკრი რევიშვილი და გუგა ფალავანდიშვილიც გამოდგებიან.

0.136653