PHILLY KARATE CLUB - ასე ეწოდება ქართველი კარატისტების მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების, გიორგი ელიზბარაშვილის და მამუკა გელაძის კარატის წრეს, რომლის პრეზენტაციაც აშშ ქალაქ ფილადელფიაში ახლახანს მოეწყო. პრეზენტაცია საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო აშშ ტრადიციული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ნელსონ ალერსი და ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის მთავარი მიტროპოლიტი მეუფე საბა. 25 იანვარს, გიორგი ელიზბარაშვილმა და მამუკა გელაძემ გამოცდა მე-3 დანზე ამერიკის ტრადიციული ფედერაცის პრეზიდენტს შიხან ნელსონ ალერს ჩააბარეს და პრეზენტაციაზე საზეიმოდ გადაეცათ მესამი დანი. გიორგი ელიზბარაშვილი და მამუკა გელაძე საქართველოს კარატის ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ისინი ფილადელფიაში ერთ წელიწადზე მეტია აქტიურად მოღვაწეობენ. 2015 წლიდან კი ამერიკის ტრადიციული კარატის ფედერაციის წევრები გახდნენ.
ნელსონ ალერსი (აშშ ტრადიციული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; მე-8 ხარისხის შავი ქამრის მფლობელი შოტოკან კარატეში; USA PHILADELPIA OPEN 2015 ის ორგანიზატორი): "გიორგი ელიზბარაშვილი და მამუკა გელაძე ტურნირის USA PHILADELPIA OPEN 2015-ის დროს გავიცანი. ბიჭები ისეთი კარგები და ნიჭიერები აღმოჩნდნენ, რომ ჩვენს ფედერაციაში ინსტრუქტორებად მოვიწვიეთ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მათ საკუთარი კარატის წრე დააფუძნეს, ეს ქარველი ემიგრანტებისთვისაც კარგია. ვფიქრობ, ისინი კარგ სპორტსმენებს აღზრდიან.
გიორგი ელიზბარაშვილი 2003 წლიდან ვარჯიშობს კარატეში. დღეს იგი შავი ქამრის მფლობელი და უამრავი შეჯიბრის გამარჯვებულია.
გიორგი ელიზბარაშვილი: 12 წლის ასაკში გავხდი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის წევრი და სწორედ აქედან იწყება ჩემი წარმატებები, საქართველოს შეჯიბრებებსა თუ საერთაშორისო ჩემპიონატებზე“.
მამუკა გელაძე 5 წლის იყო პირველად ამ სპორტში რომ ჩაება და დღეს იგი კავკასიის ექვსგზის, საქართველოს ოთხგზის, აღმოსავლეთ ევროპის ორგზის ჩემპიონი და მრავალი ტურნირის ღირსეული გამარჯვებულია.
მამუკას და გიორგის მოგებული აქვთ USA PHILADELPIA OPEN 2015. მრავალი წარმატების მიუხედავად, მათ საკუთარი კარატის კლუბის ჩამოყალიბების სურვილი ჰქონდათ. PHILLY KARATE CLUB წევრები ხუთი წლიდან ზემოთ იქნებიან, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები და უმეტესად ქართველი ემიგრანტებისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა ამერიკელ და უცხოელ მსურველებსაც შეეძლებათ კლუბში გაწევრიანება. გიორგის და მამუკას იდეის განხორციელებაში, ამერიკის ტრადიციული კარატეს ფედერაცია დაეხმარა.
მამუკა გელაძე: "კლუბი ორიენტირებული იქნება, რომ აღზარდოს ჯანსაღი და ძლიერი თაობა, რომლებიც საერთაშორისო ჩემპიონატებზე იასპარეზებენ. მე და გიორგის მწვრთნელად მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს, ჩვენ საქართველოში რამდენიმე ჯგუფი გვყავდა, ახლა კი გვინდა, რომ ეს შესაძლებლობები ჩვენს მიერ დაარსებულ კარატე-კლუბში მაქსიმალურად გამოვიყენოთ."
თიკო კირკიტაძე