თბილისის ოლიმპიური სასახლეში 3-5 თებერვალს დევისის თასზე ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მათ შორის გამარჯვებული ამავე წლის აპრილში პირველი ჯგუფის საგზურის მოსაპოვებლად ლიტვა-მადაგასკარს შორის გამარჯვებულს შეხვდება. დამარცხებულები კი ჯგუფში დასარჩენად იბრძოლებენ. ორივე შემთხვევაში მომავალ შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს.
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოსა და ფინეთის ნაკრები გუნდების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.
მასმედიის წარმომადგენლებს თავდაპირველად ფინელები შეხვდნენ.
კიმ ტილიკაინენი (ფინეთის ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანი):
- თბილისში შესუსტებული შემადგელობით ჩამოვედით. არ გვეყოლება გუნდის ლიდერი ჰენრი კონტინენი, რომელმაც ავსტრალიაში ცოტა ხნის წინ გრან-პრის გათამაშებაში წყვილთა ტურნირი მოიგო. ამის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პირველი ზონის საგზურისათვის ბრძოლა გავაგრძელოთ.
-საქართველოს ნაკრების წევრებს თუ იცნობთ?
-მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ვიცნობთ. სხვა ჩოგბურთელებზე წარმოდგენა არ გვაქვს. ბასილაშვილი კარგი ჩოგბურთელია, ამიტომ ჩემი აზრით, ყველაზე რთული მეტოქე ის იქნება.
-როგორ აფასებთ შანსებს?
-რადგან საქართველო მასპინძელია და ქართველ ჩოგბურთელებს გულშემატკივართა მხარდაჭერაც ექნებათ, ამიტომ ფავორიტი საქართველოს ნაკრებია, მაგრამ უიმედოდ არც ჩვენ ვართ.
დავით კვერნაძე ( საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
-კარგია, რომ ფინელებს თბილისში გუნდის ლიდერი ჰენრი კონტინენი არ ეყოლებათ, ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის ჩვენი ნაკრების გამარჯვების შანსს.
-გუნდში ორი ახალგაზრდა ურეიტინგო ჩოგბურთელი ზურა ტყემალაძე (06.04.2000) და ვაჟა შუბლაძე ( 09.05.1999) გყავთ. როგორ მოხდა ნაკრების წევრთა შერჩევა?
-ნაკრების წევრები წმინდა სპორტული წესით შეირჩნენ. ვინც შეძლო თბილისში ჩამოსვლა, ერთმანეთს შევაჯიბრეთ და ნაკრებში საუკეთესოები მოხვდნენ.
-ვინ ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა?
- მაგალითად, პერსპექტიულმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე ბაკშმა, რომელიც აშშ-ში სწავლობს და ტურნირებში მონაწილეობს.
-ფინელთა დღევანდელი ნაკრებიდან ვის თვლით სერიოზულ მეტოქედ?
- უსიამოვნო მოულოდნელობებს მეოთხე ნომერ ჰარი ჰელიოვაარასაგან (04.06.1989) არ გამოვრიცხავთ. იყო პერიოდი, როცა ეს ჩოგბურთელი რეიტინგში ერთეულთა შორის 194-ე იყო , ხოლო წყვილებში 128-ე. ბოლო რამდენიმე წელია არ უთამაშია და ამჟამად ურეიტინგოა. უცნაური ჩოგბურთელია, როცა მოესურვება, მაშინ თამაშობს, მაგრამ როცა თამაშობს, მოწინააღმდეგეებს სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის.
ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველოს ნაკრების ლიდერი):
-ერთი კვირაა, რაც თბილისში ვარ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. გუნდი კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს, რომ ფინელების დამარცხებას მოვახერხებთ.
- როგორ აფასებთ მოასპარეზე გუნდების შანსებს?
- დაახლოებით 70/30 ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ.
გიორგი ცივაძე (საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი )
-ნაკრებმა თბილისში კარგი მომზადება გაიარა. გვიხარია, რომ ქართველი გულშემატკივრების წინაშე მოგვიწევს თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი იმედები გავამართლოთ და გავიმარჯვოთ.