ფეხბურთი

18:12 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: “გამიხარდა, მაგრამ ზომიერად – განსაკუთრებული არაფერი”

პორტუგალიურმა “მორეირენსემ” და გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ლიგის თასი მოიგეს. აღნიშნული ჯილდო პორტუგალიური გუნდის ისტორიასა და ქართველი მეკარის კარიერაში სადებიუტო გახლდათ.

“მორეირენსეს” წარმატება მით უფრო დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ ამ გუნდმა ფინალამდე ლუზიტანური ფეხბურთის გრანდები “პორტუ” და “ბენფიკა” დაამარცხა, ხოლო ფინალში საკმაოდ მძლავრი “ბრაგაც” მათ გზას გაუყენა. სხვათა შორის, სამივე ზემოხსენებული შეხვედრა დიდებულად ჩაატარა 26 წლის მაკარიძემ, რომელსაც WORLDSPORT.GE დაუკავშირდა და აღნიშნული წარმატების შესახებ გაესაუბრა.

“ალბათ, მოტივაცია ჩვენ უფრო დიდი გვქონდა, ვიდრე “პორტუს”, “ბენფიკასა” და “ბრაგას”. ნახევარფინალში გვეგონა, რომ წავაგებდით და უფრო ჩემპიონატის თამაშზე ვფიქრობდით. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, გვჯეროდა ჩვენი თავის. ფინალში ვიცოდით, რომ უბრალოდ წაგების უფლება არ გვქონდა, რადგან ბევრი ჩვენგანისთვის შესაძლოა პირველი და ბოლო ფინალი ყოფილიყო. ამიტომ მოტივირებულები ვიყავით. საკმაოდ ძლიერ “ბრაგას” ვაჯობეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

სიმართლე გითხრათ, ძალიან ემოციური ადამიანი არ ვარ, მოვიტყუები, რომ ვთქვა, განსაკუთრებულად სასწაული გრძნობა დამეუფლა ტიტულის მოგებით-მეთქი. რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ ზომიერად.

ახლა, პრიმეირა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა მთავარი მიზანი და დიდი ალბათობით, ამას მოვახერხებთ. ხუთშაბათს, “ფეირენსეს” სახლში ვეთამაშებით და თუ გავიმარჯვებთ, ფაქტობრივად უმაღლესში ადგილს შევინარჩუნებთ”, - გვითხრა მაკარიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მაკარიძე “მორეირენსეში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და დღემდე ყველა ტურნირის ჩათვლით 20-ჯერ ითამაშა.

0.127848