საფრანგეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დიმიტრი პაიე სამშობლოში და კერძოდ, მარსელის "ოლიმპიკში" დაბრუნდა. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. პაიემ კლუბთან 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო "ვესტ ჰემმა" მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო. პაიე ბოლო დროს ლონდონურ გუნდში თამაშზე უარს აცხადებდა და გუნდთან ერთად აღარც ვარჯიშობდა.
დიმიტრი პაიე "ვესტ ჰემში" 2015 წელს სწორედ "მარსელიდან" გადავიდა. ინგლისში მან 74 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება "მარსელს" - "ველოდრომზე" დიმიტრის 2013-2015 წლებში 93 თამაშში 16 გოლი და 22 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. პაიე პატრის ევრას შემდგომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "მარსელის" მეორე ცნობილი ახალწვეულია.