სხვა

10:45 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილმა კომენტატორებიც აღაფრთოვანა (+VIDEO)

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში წუხელ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, 36 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. 21 წლის სპორტსმენმა, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა, ქართული დროშის ქვეშ ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად მიიღო მონაწილეობა. მოკლე პროგრამაში მის მიერ მე-10 ადგილის დაკავება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნულმა ფედერაციამ წარმატებულ შედეგად შეაფასა.(VIDEO)

თავისუფალ პროგრამაში მორის ყვითელაშვილმა კიდევ უფრო შთამბეჭდავად ისრიალა და ქომაგების გარდა, შეჯიბრების პირდაპირი ტელერეპორტაჟის წამყვანებიც აღაფრთოვანა.

მორისმა საერთო 238,20 ქულის მოგროვებით, საქართველოს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის 2 საგზური მოუპოვა. თავისუფალ პროგრამაში მან მე-4 ადგილი დაიკავა და რაც ყველაზე დამაიმედებელია, თავისუფალ პროგრამაში მისი ტექნიკური შეფასება 89,77 ქულა, მეორე შედეგი აღმოჩნდა ევროპის 5-გზის ჩემპიონის - ესპანელი ხავიერ ფერნანდესის შედეგის შემდეგ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სწორედ ფერნანდესი ავიდა, ზედიზედ მეხუთედ, 294,84 ქულით. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს კი რუსი მოციგურავეები: მაქსიმ კოვტუნი (266,80) და მიხაილ კოლიადა (250,18) დაეუფლნენ.

29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება და მასზე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურებიც გათამაშდება. მსოფლიოს კონკურენციაში რა თქმა უნდა, მორის ყვითელაშვილიც ჩაებმება.

ფიგურული ციგურაობა

მამაკაცები

ოსტრავა. ჩეხეთი

27-28 იანვარი

1 ხავიერ ფერნანდესი (ესპანეთი) 294,84

2 მაქსიმ კოვტუნი (რუსეთი) 266,80

3 მიხაილ კოლიადა (რუსეთი) 250,18

4 იორიკ ჰენდრიკსი (ბელგია) 242,56

5 ალექსეი ბიჩენკო (ისრაელი) 239,24

6 მორის ყვითელაშვილი (საქართველო) 238,20

7 დენის ვასილიევსი (ლატვია) 235,20

8 ალექსანდრ სამარინი (რუსეთი) 230,87

9 ჩაფიკ ბესეიერი (საფრანგეთი) 227,59

10 პაულ ფენცი (გერმანია) 225,85

0.104135