ფეხბურთი

0:25 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი შეყილაძე იტალიის სერია B-ს გუნდში გადადის

იტალიური ლეგა პროს ბინადარ “ტუტოკუოიოს” ქართველი თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე შესაძლოა სერია B-ს ბინადარ “სპეციაში” გადავიდეს. Cittadellaspezia.com-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და 24 წლის შეყილაძე დიდი ალბათობით, ოთხშაბათს, 1-ელ თებერვალს, “სპეციას” ფეხბურთელი გახდება.

როგორც ცნობილი ხდება, ირაკლი ახალ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ “ტუტოკუოიოსთან” კონტრაქტი მას 6 თვის შემდგომ ეწურება.

თუმცა, იმავე წყაროს ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს სერია B-ს კიდევ ორი გუნდი, “პიზა” და “სპალი” იჩენს. აქვე გეტყვით, რომ “სპალი” მესამე ადგილზეა და სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის, ხოლო “პიზა”, რომელსაც ჯენარო გატუზო ავარჯიშებს, მე-17 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ყველაზე რეალურ ვარიანტს, “სპეციას” – დომენიკო დი კარლოს გუნდი ამ დროისთვის მეთერთმეტეა 28 ქულით და პლეი-ოფის ზონაში შესასვლელად იბრძვის.

ირაკლი შეყილაძე იტალიაში 2011 წელს გამოჩნდა “ემპოლის” რიგებში და იმავე წელს, იტალიის თასზე ფლორენციის “ფიორენტინას” კარიც აიღო, მაგრამ შემდგომ მისი კარიერა ისე ვეღარ განვითარდა, როგორც ელოდნენ. გარდა ამისა, იგი “სუდტიროლისა” და “ლატინას” რიგებშიც გამოდიოდა. “ტუტკუოიოს” მაისურით შეყილაძეს მიმდინარე სეზონში 19 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.116523