ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულმა სტანისლავ ვავრინკამ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ჟო-ვილფრიდ ცონგა საკმაოდ იოლად სამ სეტში 7:6, 6:4, 6:3 დაამარცხა (VIDEO) და ნახევარფინალში გავიდა. "როდ ლეივერ არენაზე" შეკრებილი გულშემატკივრები უფრო დაძაბულ მატჩს მოელოდნენ, თუმცა შვეიცარიელმა ფრანგს საქმე 2 საათსა 17 წუთში მოუგვარა.
მართალია ცონგამ სამით მეტი ეისი მოაწოდა (7:4), თუმცა თამაშიდან აღებული ქულებით ვავრინკამ მეტოქეს აშკარად აჯობა (41-27). ასევე ჟო-ვილფრიდმა მთელი მატჩის განმავლობაში 39 შეცდომა დაუშვა, ხოლო ვავრინკამ - 28.
პირველი სეტი თანაბარი თამაშით დაიწყო და საჩოგბურთო ლატარეაში შვეიცარიელმა მეტოქის მოწოდება 4-ჯერ მოიგო, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
მეორე სეტის მეშვიდე გეიმზე ვავრინკამ მოწოდება დათმო და ცონგას მხარდამჭერები ანგარიშის გათანაბრების მოლოდინში იყვნენ, როდესაც შვეიცარიელმა უკუბრეიკი გააკეთა და შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკით 6:4 მოიგო. მიმდინარე ტურნირზე სტანმა უკვე რამდენჯერმე გააკეთა მსგავსი რამ, როდესაც გასაოცარი მობილიზებით შეძლო თამაშის სწრაფად შემოტრიალება.
ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმის შემდეგ, ფრანგი ცოტა არ იყოს გატყდა და მესამე სეტში მეორე გეიმშივე დაბრეიკდა. შვეიცარიელმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა, თან მოგებაში ცონგა შეცდომებითაც დაეხმარა და საბოლოოდ ვავრინკამ კარიერაში ხელოვნურ საფარზე 250-ე გამარჯვება მოიპოვა.
ვავრინკამ ცონგას ზედიზედ მეოთხედ აჯობა და ურთიერთშეხვედრებში უკვე 5:3 დაწინაურდა. ამ ჩოგბურთელების დაპირისპირებაში პირველად მოხდა, როდესაც მატჩში დამარცხებულმა ერთი სეტიც კი ვერ მოიგო.
ნახევარფინალში ვავრინკა როჯერ ფედერერსა და მიშა ზვერევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.