ფეხბურთი

3:34 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი თამაშის ხარისხით და რამდენიმე ფეხბურთელით კმაყოფილი დარჩა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უზებეკეთთან შეხვედრა დადებითად შეაფასა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, რამდენიმე მოთამაშემ თავი კარგად წარმოაჩინა და იქვე, დასძინა, რომ თამაშის ხარისხი ცუდი არ იყო.

"სასარგებლო თამაში იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ დონეზე, ასეთ მოწინააღმდეგესთან პირველად თამაშობდნენ. თუმცა, შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან უპირატესობა მარტივი პოზიციური შეცდომის გამო გავუშვით ხელიდან. თამაშის ხარისხი ცუდი არ ყოფილა, გვქონდა მომენტები, მაგრამ კვლავ შეგვახსენა თავი ძველმა პრობლემამ და რეალიზაცია კვლავ მოიკოჭლებდა. მაგალითად, პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტი იყო. აღსანიშნავია, რომ თანაბარი თამაში ჩავატარეთ კარგ მოწინააღმდეგესთან. უზბეკეთის ნაკრები სანახევროდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მოთამაშემ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ამ ეტაპზე მათ გვარებს არ დავასახელებ, რადგან წინ მეორე მატჩია. საბოლოო ჯამში, ფეხბურთითა და ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ, თუმა უნდა აღინიშნოს, რომ შედეგი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა დუბაიში, უზებეკეთთან ფრედ 2:2 ითამაშა. ქართველთაგან გოლები თემურ შონიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს.

0.116785