ბერნი ეკლსტოუნმა გამოაცხადა, რომ ის აღარ არის ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებელი და ამ პოსტზე ამიერიდან მას ჩეიზ კერი, ფ1-ის ახალი მფლობელის, „ლიბერტი მედიას“ წარმომადგენლი ჩაანაცვლებს. ბერნის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა თავად ამბობს, რომ არ ესმის, რა შეიძება იყოს მისი როლი.
„ლიბერტი მედია“ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებს. მოსალოდნელია, რომ ფ1-ის ხელმძღვანელობაში ორი ახალი პოსტი გაჩნდება - სპორტული და კომერციული. პირველზე როს ბრაუნს დანიშნავენ, მეორეზე კი „იესპიენის“ ყოფილი აღმასრულებელ დირექტორს, შონ ბრეტჩისს.
„დღეს გადამაყენეს. უბრალოდ წავედი. ეს ოფიციალურადაა. მე აღარ ვარ კომპანიის ლიდერი. ჩემი პოზიცია ჩეიზ კერიმ დაიკავა. ჩემს ახალ თანამდებობას, ტიპიური ამერიკული სახელი აქვს. ეს საპატიო პრეზიდენტობასავითაა. ახლა ეს წოდება მაქვს. თუმცა არ მესმის, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს 86 წლის ბერნი.
ის დასძენს, რომ ფ1-ის მმართველობაში მისი როლი უკვე ძირითადი ვეღარ იქნება. „შესაძლოა, ზოგ რბოლას დავესწრები. ფორმულა 1-შ ბევრი მეგობარი მყავს და ფულიც საკმარისად მაქვს იმისათვის, რომ საკუთარ თავს, რბოლებზე დასწრების უფლება მივცე“, - დასძენს ბერნი. ის ასევე ამბობს, რომ FIA-ს მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოში ადგილის შენარჩუნებას არ აპირებს. თუმცა, ამის თაობაზე ფედერაციის პრეზიდენტ ჟან ტოდტს მაინც დაელაპარაკება.
უნდა ითქვას, რომ ფ1-ის აქციების საკონტროლო პაკეტის ძველ მფლობელ CVC-ს შეფ დონალდ მაკკენზის სურდა, რომ ეკლსტოუნს ფ1-ში გარკვეული პოზიციები შეენარჩუნებინა, მაგრამ „ლიბერტი მედიამ“ სხვაგვარად გადაწყვიტა.







