ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფელ ნადალმა ფრანგი გაელ მონფისი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მერვედფინალში 6:3, 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა (VIDEO) და შემდეგ ეტაპზე მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება. 2014 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მალიორკელს მსოფლიოს რეიტინგის ათეულში მყოფი ჩოგბურთელისთვის ღია ჩემპიონატებზე მოგება არ ჰქონდა. მაშინ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.
რაფამ მონფისს ზედიზედ 5 შეხვედრა მოუგო, ჯამში კი 15-დან 13-ში გამოვიდა გამარჯვებული. ამავდროულად ხელოვნულ საფარზე ნადალმა რიგით 250-ე მატჩი მოიგო, ასტრალიის ღია ჩემპიონატზე კი მოგება-წაგების ბალანსი 49/10-ზე აქვს.
შეხვედრა რაფამ რიხიანად დაიწყო და მეორე გეიმზე მეტოქის მოწოდებაზე იმარჯვა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მართალია პირველ სეტში გათამაშებიდან გამარჯვებული მეტჯერ უფრო (11-2) გაელი გამოვიდა, თუმცა აღნიშნული ქულებმა შეცდომებიტ დაკარგული ქულები დააბალანსა (17-8). ასევე ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა ფრანგს.
მეორე სეტი ნადალმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა გულშემატკივრები მეექვსე გეიმზე აანერვიულა, როცა მონფისმა გაათანაბრა. თუმცა კლასმა თავი მაინც იჩინა და ზედიზედ ორი მოწოდება ესანელმა მეტოქეს მოუგო და 6:3 იმარჯვა. ამჯერად კი თამაშიდან ქულები მეტოქეებმა თითქმის თანაბრად (10-9) აიღეს, ხოლო შეცდომებში მონფისმა მეტოქეს აჯობა (4 შეცდომა, 2 ორმაგი).
მესამე სეტში მატჩი ტაი ბრეიკისკენ უფრო მიდიოდა, თუმცა მონფისმა იყოჩაღა და მეცხრე გეიმი მეტოქის მოწოდებაზე იოლად 40:15 მოიგო. გადამწყვეტ გეიმში კი ფრანგმა დიდი გამძლეობა გამოიჩინა, აგებდა რა 0:40-ს, ჯერ გაათანაბრა, შემდეგ წინაც გავიდა და მეორე შემთხვევაში სეტი მოიგო. შეცდომები ამ შემთხვევაშიც ჰქონდა მონფისს რვით მეტი, თუმცა თამაშიდან ქულა 12-ით მეტი აიღო და -ით მეტი ეისი მოაწოდა.
ბოლო სეტში მონფისმა შეძლო მეხუთე გეიმზე ბრეიკის გაკეთება და წინ გასვლა, თუმცა ნადალმა შეცდომები აღარ დაუშვა და მეორე სეტის მსგავსად მეტოქეს ორი მოწოდება მოუგო და 6:4 იმარჯვა.
მთელ მატჩს რომ გადავხედოთ, მონფისი აქტიური უფრო იყო, მაგრამ შეცდომებსაც ბევრ უშვებდა და ამან განაპირობა მისი წაგება. გაელმა 15 ეისი შეასრულა, ხოლო ნადალმა 2. ამის გათვალისწინებით რაფას რაონიჩთან უფრო გაუჭირდება თამაში, რადგან აუღებელ დარტყმებს კანადელი უფრო კარგად ასრულებს.
ურთიერტშეხვედრებში ნადალი მილოშს 6:2-ს უგებს, თუმცა 6 იანვარს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ბრისბენში და კანადელმა 2:1 იმარჯვა. იმ ტურნირზე რაონიჩი ფავორიტი გახლდათ და ესპანელთან 23 ეისი შეასრულა და მონფისისგან განსხვავებით ნაკლებ შეცდომებს უშვებდა.
ნადალმა მატჩის შემდეგ რაონიჩის მოწოდების სიძლიერეს გაუსვა ხაზი: "ძალიან კარგად, ძალიან კარგად უნდა ვითამაშო რაონიჩის წინააღმდეგ, სხვა გამოსავალი არაა. მან ორი კვირის წინ დამამარცხა, მძიმე მატჩი იყო. მილოში ტოპ მოთამაშეა, ძლიერი მოწოდება აქვს და ჩემ მოწოდებაზე უნდა ვიყო ფოკუსირებული და შანსს დაველოდო."