ფეხბურთი

13:04 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

როცა სელექცია არ არსებობს

არ არის სელექცია? არ არის ფეხბურთი. არ არის ხედვა? არ არის მიზანმიმართული მუშაობა. საქართველო ევროპული კლუბებისთვის მიმწოდებელი ქვეყანა უნდა გახდეს, პირიქით წარმოუდგენელია და რას ემსახურება ეს ყველაფერი? ფეხბურთელების აღზრდას, განვითარებასა და გაყიდვას.

სამწუხაროდ, ქართული კლუბების უმრავლესობას სელექცია საერთოდ არ უვარგა. თუ რატომ, ამას ეტაპობრივად მივყვებით: ყველამ იცის, რომ საქართველოში საუკეთესო ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდები თბილისში არიან: "დინამო", "ლოკომოტივი" და "საბურთალო". სხვა გუნდების ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ ძირითადად ეს სამი კლუბია და სწორედ მათ მოიგეს 19, 17 და 15-წლამდელთა ლიგები.

შესაბამისად, ამ ლიდერი გუნდებისთვისაც არაა კარგი, კონკურენციას რომ ვერ აწყდებიან. რა უნდა ისწავლო, როცა ორნიშნა ანგარიშით იგებ?

რა დასამალია, რომ რაიონის გუნდები მოისუსტებენ და ეს კიდევ უფრო დიდი ტკივილია. ამ დროს, არც გამიგია და პრეცენდენტიც არ ყოფილა, რომ თბილისში, უკეთეს პირობებში აღზრდილი ჭაბუკებით რომელიმე რაიონის კლუბი დაინტერესებულიყო. თავად განსაჯეთ, დიდი ანგარიშით, ზოგჯერ არასაფეხბურთო ანგარიშითაც კი აგებ გუნდთან, ესე იგი, ადგილობრივზე ნიჭიერია, სამომავლოდ შეიძლება მასზე გათვლა.

დააკვირდი მაინც, დაკვირვებას რა უდგას წინ?.. ეგებ, სიამოვნებით ჩამოდის რაიონში სათამაშოდ, ეგებ არ უნდა თბილისში და მეტიც, თავის მშობლიურ კუთხეში უნდა თამაში. ეგებ, არ ითხოვს კლუბისთვის დიდ ფულს და სიამოვნებით გთანხმდება. არა, ეს მიმართულება ჩვენში არ არსებობს...

სელექციის ერთ-ერთი მთავარი ხაზი მოსპობილია - ელემენტარულად, ინტერესიც არ არის.

ალბათ ბევრი იტყვის, საქართველოდან ვინ უნდა გაიყიდოს, ასაკობრივი ნაკრებები დიდი ანგარიშით აგებენო, მაგრამ არაა ასე: ნაკრები სხვაა, კლუბი სხვაა, ფეხბურთელი მარტო არ იგებს და მარტო არ აგებს. კონკრეტულად ერთი ფეხბურთელი შეიძლება მაგარი იყოს, მაგრამ გუნდმა 0:7 წააგოს.

მთავარია, ეძებო და როგორც ძველად უფრო ხშრად იტყოდნენ, კოჭებში შეატყო. ვინ? სად? არაა და ძალაა. შარშან ჭაბუკთა ლიგის ერთ მატჩს შევესწარი, ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელს ურეკავდნენ და ეს პასუხობდა, ჯერ 0:1 ვაგებთ, მაგრამ თამაში ჩვენია და მოვუტრიალებთო. საბოლოოდ, 1:9 წააგო... ეს მწვრთნელი რომ ცუდი პროგნოზისტი იყო, ეს კი არაა უბედურება. უბედურება ისაა, რომ ამ ასაკობრივში ანგარიშის იქით არაფერი არ აინტერესებს.

უნდა იმას სელექცია? შესაძლოა, თვითონ უნდა კიდეც, მაგრამ მის კლუბში საერთოდ არ ადარდებთ. შარშან ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირი ჩატარდა თბილისის "დინამოს" ორგანიზებით, ტარდება 19, 17, 15 წლამდელთა ლიგები, რამდენი კარგი ჭაბუკი თამაშობს, რამდენმა შეიძლება ხვალ დივიდენდები მოგიტანოს, მაგრამ ვის უნდა თავის შეწუხება ხვალინდელი დღისთვის?..

აღარც კოჭებში ყურებაა და აღარც ტვინში ჩახედვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128742