ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩინებული შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ - “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ორლანდო” მეჯიქს 118:98 აჯობა და აღნიშნულ გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკმაო წვლილი შეიტანა.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და სტივ კერიმ თამაშის შესაძლებლობა 20 წუთი მისცა. აღნიშნულ დროში ფაჩულია ეფექტურად გაისარჯა: 14 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა. “უორიორზის” ცენტრმა რვიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზზე კი ორჯერ დადგა, თუმცა, კალათში ბურთი ვერცერთხელ მოათავსა. რაც შეეხება მოხსნებს, 5-დან ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.
გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი სტეფენ კარი იყო 27 ქულით, კლეი ტომპსონმა გუნდს 21, ხოლო კევინ დურანტმა 15 ქულა შესძინა.
“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციას დამაჯერებლად ლიდერობს – 44 ჩატარებული მატჩიდან 38 აქვს მოგებული. მომდევნო მატჩს “მეომრები” 24 იანვარს, სტუმრად “მაიამი ჰიტთან” გამართავენ.