ფეხბურთი

18:57 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინტერვიუ "ვალენსიას" და "სელტას" ყოფილ ფორვარდ ხუან სანჩესთან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული "ზამთრის თასი-2017", მშვენება იყო საქართველო-ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი... ქართველებმა მოიგეს და წაგებას შეუჩვეველმა ესპანელებმა ისე განიცადეს, ვერ იფიქრებდით, თამაში ამხანაგური იყოო. ესპანელ ვეტერანთა შორის იყვნენ მარკოს სენა, ჟოან კაპდევილა, სალვა ბალესტა, სერხი ბარხუანი, ხუან სანჩესი და სხვები.

გთავაზობთ Worldsport.ge-ს ინტერვიუს ხუან სანჩესთან, რომელიც "ვალენსიას" ვარსკვლავურ გუნდში თამაშობდა. 1999-2004 წლები საუკეთესო იყო "ღამურების" ისტორიაში, მათ ფურორი მოახდინეს, ორჯერ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები, ერთხელ უეფას თასი და სუპერთასი ასწიეს, ორჯერ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივე წააგეს... ფანტასტიკური გუნდი იყო ჯერ ექტორ რაულ კუპერის, მერე კი რაფა ბენიტესის თავკაცობით.

ხუან სანჩესი 17 ნომრით თამაშობდა მაშინდელ "ვალენსიაში". 2000 წელს, როცა "ვალენსია" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კუპერი თავდასხმაში კლაუდიო ლოპესი-მიგელ ანგულოს წყვილს ათამაშებდა, მომდევნო სეზონში კი ძირითადები გახდნენ ხუან სანჩესი და ჯონ კარეუ. საქმე ისაა, რომ ლოპესი "ლაციოში" გადავიდა, ანგულო კი ფორმიდან ამოვარდა და სათადარიგობში გადაინაცვლა.

ხუან სანჩესის საუკეთესო მატჩი იყო 2001 წელს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალი "ლიდსთან". ინგლისში 0:0 დასრულდა, "მესტალიაზე" კი 3:0 მოიგეს მასპინძლებმა და ორი გოლი სწორედ ხუან სანჩესმა გაიტანა. ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" წააგეს, დრამატულ მატჩში, პენალტების სერიაში. "ვალენსია" იგებდა გაისკა მენდიეტას პენალტით, მაგრამ "ბაიერნმა" ორჯერ დაარტყა პენალტი და ჯერ მეჰმეტ შოლს აუღო სანტიაგო კანისარესმა, მეორე ტაიმში კი შტეფან ეფენბერგმა მაინც გაიტანა.

ხუან სანჩესი ფინალში ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში ზლატკო ზაჰოვიჩმა შეცვალა... საბოლოოდ, ვერ გამოდგა კარგი ცვლილება, ზაჰოვიჩმა დამატებით დროში ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ვერც პენალტების სერიაში ივარგა, ოლივერ კანმა აუღო.

ჩვენი რესპონდენტი "ვალენსიას" გარდა, "მალიორკასა" და "სელტაშიც" თამაშობდა, ამჟამად 44 წლისაა და არ დაგვავიწყდეს: ვეტერანთა მატჩში ქართველებს ყველაზე ბევრი პრობლემა სწორედ ხუან სანჩესმა შეუქმნა, ორი გოლი გაუტანა. თუმცა საუკეთესო დავით მუჯირი იყო, სამჯერ დაამწუხრა სტუმრები.

ინტერვიუ ვეტერანთა თამაშის შემდეგ, დარბაზშივე შედგა "სარბიელის" ჟურნალისტის, ესპანური ენის კარგად მცოდნე ვაჟა ხუციშვილის დახმარებით:

ხუან სანჩესი: “კარგად მიგვიღეს. მადლობა ქართველებს და კონკრეტულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მასპინძლობისთვის. თავიდან ყველას გარკვეული შიში აქვს, როცა უცხო ქვეყაანში მიდის. ფიქრობ, რა როგორ იქნება... არა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტურნირიც მშვენივრად იყო ორგანიზებული.

- წაგება ძალიან განიცადეთ. ეტყობა, შეუჩვეველნი ხართ...

- წაგების მიზეზი უფრო ის არის, რომ მინი-ფეხბურთისთვის იდეალური შემადგენლობით არ ჩამოვსულვართ. ამ შემადგენლობიდან რამდენიმეს საერთოდ შეხება არ ჰქონია მსგავს მოედნებთან.

- რომელიმე ქართველ ფეხბურთელს თუ იცნობდით?

- არა, პირველად აქ შევხვდით ერთმანეთს. ვიცნობდი ალექსანდრ მოსტოვოისა და ვალერი კარპინს, "სელტაში" ერთად ვთამაშობდით. თუმცა ისინი რუსები არიან. ვიცი, რომ საქართველოც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.

- ამჟამად საფეხბურთო საქმიანობას ეწევით?

- გვაქვს საფეხბურთო ტრანსფერების სააგენტო და ამ სააგენტოს წარმომადგენელი გახლავართ. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ჟორდი ალბასთან, ხუან ბერნატთან, ბრუნოსთან. მათი ტრანსფერები ჩვენი სააგენტოს მეშვეობით განხორციელდა.

- მწვრთნელობა არ მოგწონთ?

- ლიცენზია მაქვს და შემიძლია მწვრთნელად მუშაობა, მაგრამ რა გითხრათ, ეტყობა გული არ მიმიწევს.

- ვის მიიჩნევთ საუკეთესო მწვრთნელად მათ შორის, ვისთან ერთადაც გიმუშავიათ?

- რაფა ბენიტესი მართლაც ძლიერია. საუკეთესო პერიოდი მის "ვალენსიაში" გავატარე, ამ კლუბის ამბები სულ მაინტერესებს და ახლაც ძალიან გამიხარდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თამაში, "ვალენსიამ" "ესპანიოლს" 2:1 მოუგო. ტელეფონის ეკრანზეც ჩემი "ვალენსიას" მაისურით გადაღებული ფოტო მიყენია. არა მხოლოდ ბენიტესი... გუს ჰიდინკმა დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. თავის დროზე სწორედ ჰიდინკმა გადმომიყვანა "ვალენსია B"-დან'მთავარ გუნდში. მაშინ 20 წლისა ვიყავი.

- მაშინდელი "ვალენსია" უცებ გახდა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემპიონთა ლიგაში პირველად გავიდა და ფინალამდე მივიდა, მერე კიდევ ფინალი, ესპანეთის ორჯერ ჩემპიონობა, უეფას თასი, სუპერთასი. რის ხარჯზე მოხდა?

- დაუვიწყარი წლებია ჩემთვის და იმ დროს გუნდში მოთამაშე ყველა ფეხბურთელისთვის. ჩვენს გამოსვლას სენსაციურს უწოდებდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა, "ვალენსია" გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა და სწრაფ შეტევებზე აკეთებდა აქცენტს. კანისარესი, ბარახა, ალბელდა, აიალა, კარბონი, აიმარი, ლოპესი, მენდიეტა - ყველას ვერ ჩამოვთვლი, კარგი ფეხბურთელებიც იყვნენ და პიროვნებებიც.

- რა დააკლდა "ვალენსიას" მიუნხენის "ბაიერნთან" ფინალში? იგებდით თამაშის დროს, იგებდით პენალტების სერიაშიც, მაგრამ...

- თამაშია და რთულია განსაზღვრო. იღბალი და ალბათ, მსაჯობაც. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა საეჭვო პენალტი დანიშნეს ჩვენს კარში და ამით გაგვითანაბრეს ანგარიში.

- საინტერესოა თქვენი აზრი ესპანეთის ნაკრებზე: შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში ისევ დაიბრუნოს ძველი ჰეგემონია, რაც ექვსი წლის განმავლობაში ჰქონდა?

- საამისოდ ახალი ვარსკვლავებია საჭირო. ახალი პუიოლი, ახალი ჩავი. ზედაპირულად შეიძლება თქვა, რომ ვიღაც შეცვლის პუიოლს, ვიღაც შეცვლის ჩავის, ვიღაც შეცვლის ვილიას ან ტორესს... საქმეში კი ვნახოთ, რთულია თქმა, შესძლებენ? არაა გამორიცხული, მაგრამ ასეთი ჰეგემონიის დაბრუნებისა კი ძალიან მეეჭვება.

- დაასახელეთ ესპანეთის ისტორიაში სამი საუკეთესო ფეხბურთელი.

- 1. რაული, 2. ჩავი, 3. ინიესტა.

Loading...
0.132594