ფეხბურთი

14:44 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “იმედია, აღმოვაჩენთ ფეხბურთელებს, რომლებიც ნაკრებს სამომავლოდ გამოადგებიან”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დუბაის შეკრების წინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოახლოებული ამხანაგური მატჩების შესახებ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განმარტებით, აღნიშნული შეკრების მთავარი მიზანია, რომ აღმოაჩინოს ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს მომავალშიც გამოდგებიან.

როგორც ვაისმა განაცხადა, ამ ეტაპზე ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებია არიან მიწვეულნი. იქვე დაამატა, რომ იმ ლეგიონერების ნახვაც სურდა საქმეში, რომელთაც ოფიციალურ მატჩშებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევათ, მაგრამ თავიანთი გუნდებიდან ნაკრებში არ გამოუშვესო.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ ეტაპზე სხვა გზა არ მქონდა, რადგან ლეგიონერებს თავისი გუნდები არ უშვებდნენ ნაკრებში და ამ მხრივ არჩევანი არ მქონია. ფეხბურთელებთან სულ მეორე დღეა, რაც ვმუშაობ და ახლა იმის თქმა, თუ რა მოხდება მომავალში, არ შემიძლია. ამ ეტაპზე ნაკრებში არც პირველი და არც მეორე შემადგენლობა არაა გამოძახებული. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ თავს უზბეკეთთან და იორდანიასთან ის ბიჭები, რომლებიც გამოვიძახეთ ნაკრებში.

უზბეკეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია – აზიის შესარჩევში თამაშობს და კარგად გამოიყურება. ჩვენი მთავარი მიზანი ამ შეკრებიდან არის ის, რომ ნაკრებისთვის ვიპოვოთ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც მომავალში გამოგვადგებიან. ვფიქრობ, საკმაოდ რთული თამაშები გვექნება, მაგრამ მთავარია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებმა თავი გამოიჩინონ და გამოადგნენ სამომავლოდაც ეროვნულ ნაკრებს.

ეს ეხება თითქმის ყველას, ვინც ჩვეულებრივ თამაშობს ნაკრებში და ასევე იმ მოთამაშეებს, რომლებიც “დინამოში” თამაშობდნენ, მაგრამ ახლა უცხოეთში წავიდნენ. მაგალითად, ჯიღაური, პარუნაშვილი, ცინცაძე. ასევე, დვალი, კაკაბაძე. მინდოდა, რომ ბევრი ფეხბურთელი გამომეძახებინა, მაგრამ სამწუხაროდ ხოჭოლავას გარდა არავინ გამოუშვეს. ეს ჩემთვის უცნაურია, რადგან მეც ვმუშაობდი კლუბში და ფეხბურთელებს ყოველთვის ვუშვებდი ნაკრებში. არ მინდა, რომ ამ შემადგენლობას მესამე ვუწოდო, რადგან ეს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო შემადგენლობაა. ვეცდებით, რომ საუკეთესო შედეგი დავდოთ.

შეუთამაშებლობას რაც შეეხება, ამ კუთხით ვმუშაობთ. ჯერჯერობით სულ სამი ვარჯიში გავმართეთ და ვნახოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ამ მხრივ რას გავაკეთებთ. ჯადოსნური ჯოხი არ გამაჩნია, მაგრამ ეს გუნდი იმის მიხედვით ავარჩიე თუ როგორ ითამაშეს თავიანთ გუნდებში.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ფიფას ოფიციალურ ფანჯრებში ჩაგვეტარებინა ამხანაგური მატჩები, მაგრამ შარშან ვერ შევძელით მეტოქის მოძებნა და წელსაც ალბათ, არ გვექნება ბევრი შესაძლებლობა სპარინგების. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და ახალგაზრდა ფეხბურთელს მიცეთ შანსი ეროვნულ ნაკრებში.

ვფიქრობ, ამჟამად ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები იმსახურებდნენ შანსს, მე ვაკვირდებოდი მათ. ვესწრებოდი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს, განსაკუთრებით, პირველი ოთხეულის მატჩებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მოლდოვასთან ვერმოგებულ მატჩს რაც შეეხება, ფეხბურთელებმა ბევრი რამ გაიღეს, თუმცა ზედმეტად ნერვიულობდნენ და წამყვანმა მოთამაშეებმა ისე ვერ ითამაშეს, როგორც მათ ეს შეუძლიათ, როგორც ირლანდიასა და უელსში ჩაატარეს მატჩები. ცოტა რომ გაგვამრთლებოდა და ჩვენი შანსი გამოგვეყენებინა, ისევე როგორ ირლანდიაში და უელსში, იქნებ მოგვეგო კიდეც, მაგრამ ეს წარსულია. ახლა წინ სერბეთთან თამაში გველის და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ შანსი შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები სტადიონზე ისევ მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ”.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბაის შეკრებაზე 21 იანვარს გაემგზავრება, ხოლო სპარინგ მატჩებს 23 იანვარს უზბეკეთის, 25 იანვარს კი, იორდანიის ნაკრებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118661