სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელი 2017 წლის სეზონის პირველ ბაშოზე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. გაგამარუს შიკონათი მოჭიდავე ქართველი სეკიტორი, რომელიც იანვრის სუპერტურნირზე მე-13 მაეგაშირას რანგში გამოდის, დღეს მე-11 მაეგაშირა კაგაიაკისთან დამარცხდა და 3 მოგების წილ 7 წაგება დაუგროვდა.
საბოლოო დადებითი ბალანსის – კაჩი კოშის მისაღწევად ჯუღელს ხუთივე დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაკე კოშის თავს ვერაფრით დააღწევს, რეიტინგში დაქვეითდება და უარეს შემთხვევაში, შეიძლება მარტის ბაშოზე უმაღლეს დივიზიონში მოჭიდავეთა განაცხადი მის გარეშე შეივსოს.
ხვალ გასამართ მე-11 ტურში გაგამარუს ძალიან უხერხულ მეტოქესთან – მე-7 მაეგაშირა მიოგირიუსთან მოუწევს დაჭიდება, რომელსაც აქამდე შვიდჯერ შეხვდა და შვიდივეჯერ დამარცხდა.
"იმპერატორის თასისთვის” ბრძოლაში კი 9 ქულით, ერთპიროვნულად გალიდერდა ოძეკი კისენოსატო. დღეს მან ოძეკი ტერუნოფუჯი დასცა. მე-10 მაეგაშირა ტაკანოივასთვის კი მე-10 ტური წარუმატებელი გამოდგა და კისენოსატოს ერთი ქულით ჩამორჩა. მის მსგავსად, 8-8 ქულა აქვთ: იოკოძუნა ჰაკუჰოს, მე-10 მაეგაშირა სოკოკურაისა და მე-13 მაეგაშირა იჩინოჯოს.