ფეხბურთი

16:30 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: „მაკაბიში“ მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე“

შოთა არველაძე თელ ავივის „მაკაბიდან“ მიმდინარე წლის დასაწყისში გაათავისუფლეს. მიზეზად წარუმატებელი შედეგები დასახელდა. ქართველი სპეციალისტი ამჟამად უგუნდოდაა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიაში მის შესაძლო დაბრუნებაზეც დაიწერა.

ორიდ დღის წინ, არველაძის ფეისბუქგვერდზე ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც იგი ისრაელში გატარებულ პერიოდზე საუბრობს. როგორც შოთა ამბობს, „მაკაბიში“ მუშაობამ დიდი გამოცდილება შესძინა.

შოთა არველაძე: „ისრაელში და მაკაბიში მუშაობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. პირველ ყოვლისა ვიტყვი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობა პრაქტიკულად ასისტენტის გარეშე მომიწია. მთელი მოსამზადებელი პერიოდი დამხმარე მწვრთნელის გარეშე გავიარე, მათ შორის უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. ეს პერიოდი საკმაოდ წარმატებულადაც გავიარეთ.

ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც დიდი მიღწევა იყო, როგორც ჩემთვის, ისე კლუბისთვის. მაკაბიმ სულ მესამედ მოახერხა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში. უეფას ევროპა ლიგაზე გარანტირებული 14 მატჩი, მნიშვნელოვანი და დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის“.

- რატომ გაუჭირდა გუნდს ბოლო პერიოდში სტაბილურად თამაში?

- სეზონი კარგად დავიწყეთ და ნოემბრის ბოლომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. რთული მატჩები გვქონდა ჰაიფას მაკაბისთან და ბეერ შევასთან. ორივე ჩვენი უშუალო კონკურენტი იყო და ორივესთან ისე დავმარცხდით, რომ გოლიც ვერ გავიტანეთ. თამაშის ხარისხით ჰაიფასაც ვაჯობეთ და ბერ შევასაც, მაგრამ უარყოფითი შედეგი მივიღეთ.

ბერ შევასთან თამაშმა ცოტა გაგვტეხა. უშუალო კონკურენტთან წაგება ფსიქოლოგიურად ყოველთვის რთულია. დაგვრჩა განცდა, რომ მაკაბი შესაძლოა არ იყო ბეერ შევასავით ძლიერი.

ამას ისიც დაემატა, რომ ბეერ შევამ უეფას ევროპა ლიგის ჯგუფში კარგად ითამაშა. მილანის ინტერი ორჯერ დაამარცხა, კარგად ითამაშა საუთჰემპტონთანაც და საბოლოოდ მათ ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. ვფიქრობ, ამ პერიოდის შემდეგ დაგვეწყო ჩავარდნა.

სამწუხაროდ, არ დამცალდა ბოლომდე მუშაობა, მაგრამ სასიამოვნო იყო ისეთ გუნდში ყოფნა, რომელიც სულ მოსაგებად იბრძვის. არცერთი გუნდის წინააღმდეგ, მაკაბის ჩაკეტილი ფეხბურთი არ უთამაშია. ყოველთვის ვცდილობდით შემტევი და გახსნილი ფეხბურთი გვეთამაშა.

- რამდენად იქონია შედეგებზე გავლენა სატრანსფერო პოლიტიკამ?

- მაკაბიში მისვლის შემდეგ, ჩემი ინიციატივით მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, ოსკარ სკარიონე დავიმატეთ. ის თურქეთიდან ჩამოვიდა და იმ მატჩებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლო მატჩები კი ტრავმის გამო გაუცდა, ცხადია ის ძალიან დაგვაკლდა.

გარდა ამისა, იყო გადაღლილობის ფაქტორი. ბევრი გუნდი მთელ სეზონში ატარებს 36 მატჩს, ჩვენ კი დეკემბრის ბოლომდე უკვე გვქონდა 36 მატჩი ჩატარებული. გვქონდა რამდენიმე შორეული ფრენა, მაგალითად, ყაზახეთში, ირლანდიასა და რუსეთში.

ვთამაშობდით უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თასსა და ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი პარალელურად, შემდეგ იყო ჯგუფური ეტაპი, სადაც დიდი რესურსი დავხარჯეთ. ასეთი რეჟიმი კარგია, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი გადაიღალა. კარგია იმ კუთხით, რომ თამაში ყოველ სამ დღეშია, წაგების შემდეგ კი შეგიძლია მალევე მოიგო და კარგი ფსიქოლოგიური განწყობა და მოვიტაცია დაიბრუნო.

- თურქეთში, სადაც წლები იმუშავე, კლუბებს განსაკუთრებული ფანები ჰყავთ, როგორიყო ამ მხრივ ისრაელი და მაკაბი?

- მაკაბის ჰყავს როგორც აგრესიული, ისე საკმაოდ მოაზროვნე ფანებიც. თუმცა ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს - უნდათ მათი საყვარელი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდეს.

- ისრაელი

- არაჩვეულებრივი, თბილი და ძალიან ლამაზი ქვეყანაა. მხოლოდ იერუსალიმიც კმარა სალაპარაკოდ, სასწაული ადგილია. როცა ამ ქალაქში ჩადიხარ და იაზრებ იმ ყველაფერს, რაც იქ საუკუნეების წინ ხდებოდა... ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია.

ქვეყანასავით თბილია ხალხიც. ძალიან ჭკვიანები არიან და იქ გატარებულ პერიოდში, ცხოვრებისეულად ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი საინტერესო ფრაზა და გამოთქმა აქვთ, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ, რომელიც შეიძლება აფორიზმივით დაგრჩეს და მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვეს. შეუძლებელია, იქ მიღებული გამოცდილება არ გამოგადგეს.

- საქართველო და ისრაელი

- ჩვენ და ისრაელს ისტორიულად ბევრი საერთო გვაქვს. რაც მთავარია, ისინი დღესაც ცხოვრობენ ლეგენდით, რომელიც მათ გენშია გამჯდარი და კოდივით აქვთ ჩაბეჭდილი - ისრაელი უნდა გადარჩეს, განვითარდეს და გახდეს ძლიერი ქვეყანა. ეს იდეა კარგად მოქმედებს ხალხზეც და ქვეყანაზეც, ეტყობა კიდეც ისრაელს.

ვფიქრობ ასეთი რამ, რის გარშემოც ყველა გავერთიანდებით, ჩვენ ძალიან გვაკლია. აღარ გვაქვს იმის განცდა, რომ შესაძლოა ვინმემ რელიგია ძალით დაგვათმობინოს ან ფეხქვეშ გაგვითელოს, როგორი განცდაც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ საუკუნეების წინ.

არც იმის განცდა გვაქვს საკმარისად, რომ შესაძლოა ვინმემ ჩვენი ქვეყანა წაგვართვას. შესაძლოა დღესაც გვიწევენ საზღვარს, მაგრამ რატომღაც იმის განცდა არ გვაქვს რომ შეიძლება ვინმემ დაგვიპყროს და ჩვენი მიწა, ქვეყანა წაგვართვას.

ისრაელში საკუთარი ქვეყნის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ცდილობენ მოუფრთხილდნენ, განავითარონ და თან ჰქონდეთ განცდა, რომ ეს მათთვის ყველაზე ძვირფასია, რაც შეიძლება არსებობდეს.

არ ვიცი, ვინ უნდა იმუშაოს ამაზე, ან ვინ უნდა შექმნას ეს ლეგენდა და მიიტანოს ადამიანებამდე, მაგრამ მსგავსი რამ, რომელიც ყველას გაგვაერთიანებს, ძალიან გვჭირდება. ეს იყო, რამაც მოიყვანა აქამდე ეს ქვეყანა, საქართველო.

0.108168