დასრულდა ლამაზი საფეხბურთო დღე. "ზამთრის მასტერსი-2017" სანახაობრივი და ლამაზი გამოდგა, მშვენიერი თამაშებითა და გოლებით, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანელებით, იქით კიდევ უკრაინელებით, თურქებით, აზერბაიჯანელებით... თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თამაშებსვინც უყურა, ვერ მოიწყენდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართული სამდღიანი ტურნირი დასრულდა, ქართულ კლუბებს შორის "გაგრა" გაჩემპიონდა, ხოლო ვეტერანთა ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
"გაგრა" - სრული სვლით
ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილი "გაგრა" 16-გუნდიანი "ზამთრის თასის" ჩემპიონი გახდა. მერე რა, რომ პროლიგა2-ის გუნდია, მინი-ფეხბურთს სულ სხვა სპეციფიკა აქვს. "გაგრამ" ჯგუფური ეტაპი ხომ დამაჯერებლად გადალახა, ნახევარფინალში 5:0 მოუგო საჩხერის "ჩიხურას" და ფინალში შეხვდა თბილისის "დინამოს", რომელმაც თავის მხრივ, ბათუმის "დინამოს" 11:5 აჯობა.
ფინალი დაძაბული გამოდგა, პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა, აი, მეორე ტაიმში კი "გაგრამ" იძალა და საბოლოოდ - 6:4.
"გაგრა"-"დინამო" (თბილისი) 6:4
გოლები: პაპავა (2), გაფრინდაშვილი (2), ქურდაძე, ვეკუა - საბა ლობჟანიძE (2), არაბული, თევზაძე
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა გიორგი ქურდაძე ("გაგრა"), რომელმაც მთელი ტურნირი მშვენივრად ჩაატარა და ტექნიკური თამაშით მოხიბლა ქომაგები. საუკეთესო ბომბარდირის პრიზი კი დინამოელმა საბა ლობჟანიძემ ჩაიბარა - 18 გოლი მიითვალა.
ვარსკვლავმატჩები
ფინალი ნახევარფინალში - ასე შეიძლება ეწოდოს საქართველო-ესპანეთის შეხვედრას. ქართველთა ბრალი არაა, ვეტერანთა "ფურია როხამ" ჯგუფში წააგო უკრაინასთან (2:3) და ამიტომაც იყო, რომ ქართულ-ესპანური ჯახი ნახევარფინალში გაიმართა.
აი, თამაშიც ეს იყო. ქართველები 4:1 იგებდნენ და ესაპნელებმა მეორე ტაიმის შუაში, მოკლე მონაკვეთში გაათანაბრეს ანგარიში - 4:4. ამას მოჰყვა დავით მუჯირის ყუმბარისებური დარტყმა, მერე ხუან სანჩესმა დამატებაზე თავით გაათანაბრა და ბოლო წუთი იყო, როცა ალექსანდრე იაშვილმა გადამწყვეტი შეაგდო.
ისე, ძალიან კი განიცადეს ესპანელებმა. წაგებას შეუჩვეველნი რომ არიან, ზოგჯერ ღალატობდათ ნერვები, მსაჯს ედავებოდნენ... ამ მხრივ, სერხი ბარხუანი და ხოსე ამავისკა გამოირჩეოდნენ. ესეც ფეხბურთის ნაწილია და კარგია, რომ გუნდებმა მთელი ძალა და ენერგია ჩააქსოვეს ტურნირზე.
დარბაზში ბევრი ხუმრობდა, ნამეტანი დაგვეჩაგრნენ ესპანელები, შარშან ზაფხულს იყო, ამხანაგური მატჩი მოვუგეთ, ამჯერად კიდევ ეს...
გიორგი ქინქლაძე - წონაშია და ამიტომაც, მეტწილად სათადარიგო იყო, თუმცა ერთი-ორჯერ გააკეთა საფირმო ფინტი, 90-იან წლებში გულშემატკივრები ჭკუაზე რომ გადაჰყავდა. კარგად თამაშობდნენ გივი კვარაცხელია, ალეკო ამისულაშვილი, იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მუჯირი და ლევან კობიაშვილი.
მეორე ნახევარფინალში უკრაინამ თურქეთს 3:1 მოუგო და ფინალური წყვილიც შედგა.
...ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს, თუმცა სფფ-ის ხელმძღვანელებმა ამის მერე მოაწყვეს ნამდვილი წარმოდგენა: მუჯირმა, კობიაშვილმა და განსაკუთრებით იაშვილმა მშვენივრად ითამაშეს.
კობიაშვილმა პირველი გატანილი გოლის შემდეგ მაისურა აიწია და შიდა მაისურის წარწერა გამოაჩინა: ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი... თითქმის მთელი საქართველო ხომ ჩაბმულია ხმის მიცემის პროცესში, რათა ფაჩულიამ NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშოს.
დაძაბული გამოდგა ფინალი, პირველი ტაიმი ქართველებმა 2:1 მოიგეს და უკრაინელებმა შესვენების მერე მალევე გაათანაბრეს, თუმცა ამის შემდეგ ქართველები ჰანდიკაპით გადიოდნენ წინ და სტუმრები სხვაობას ამცირებდნენ. საბოლოოდ კი სამბურთიანი სხვაობა - 7:4.
იაშვილმა პოკერი შეასრულა, ბოლოს მარჯვენა ფეხით გაიტანა და თამაშიც რამდენიმე წამში დასრულდა. იაშვილმა შარშან გაზაფხულს დაასრულა კარიერა, ახლა 39 წლისაა, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატის რამდენი ფეხბურთელი დაუდგება გვერდში? ბევრი ვერა...
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ამ შემადგენლობით იყო: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, გივი კვარაცხელია, მამუკა მაჭავარიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი დემეტრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, დავით სირაძე
ნაკრებს რევაზ ძოძუაშვილი და ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდნენ. ფინალურ მატჩს კახა კალაძეც დაესწრო.
ესპანელთაგან კი... ჟოან კაპდევილა; 2008 წელის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ეღთი საუკეთესო ფეხბურთელი მარკოს სენა; ერთ დროს პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი სალვა ბალესტა; 90-იანი წ;ების "ბარსელონას" მარცხენა მცველი სერხი ბარხუანი; "ვალენსიაში" ესპანეთის ორგზის ჩემპიონი ხუან სანჩესი და სხვები...
ნახევარფინალები
საქართველო-ესპანეთი 6:5
გოლები: მუჯირი (3), ამისულაშვილი, დემეტრაძე, იაშვილი - ხუან სანჩესი (2), ხუანფრანი, სალვა, მარკოს სენაL
უკრაინა - თურქეთი 3:1
ფინალი
საქართველო-უკრაინა 7:4
გოლები: იაშვილი (4), კობიაშვილი (2), მუჯირი - ნაგორნიაკი (3), ციხმეისტრუკი
საუკეთესოები
რა თქმა უნდა, ინდივიდუალური პრიზებიც იყო. ტურნირის საუკეთესო მეკარედ ჟოელ მუნი (უეფა) დაასახელეს.
სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს ესპანელი ჟოან კაპდევილა - ის ხომ 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კაპდევილამ მანამდე, 2008 წელს ლუის არაგონესის გუნდში ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა. 38 წლისაა, "ფურია როხაში" სულ 60 მატჩი ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა, ხოლო 10 თამაში კატალონიის ნაკრებშიც მოუგროვდა. საუკეთესო სეზონები "დეპორტივოსა" და "ვილიარეალში" ჰქონდა.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი ალექსანდრე იაშვილმა ირგუნა (8 გოლი). აწ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი შეუჩერებელი იყო ნახევარფინალსა და ფინალში.
საუკეთესო ფეხბურთელად კი უკრაინელი სერგეი ნაგორნიაკი აღიარეს. თავის დროზე უკრაინის ნაკრებშიც უთამაშია, ბევრი კლუბი გამოიცვალა, ჩინეთის გუნდებშიც გახლდათ.
ვეტერანთა ტურნირზე ექვსი გუნდი მონაწილებდა, გაისად კი "ზამთრის თასი" უფრო წარმომადგენლობითი იქნება და მეტი უცხოური გუნდი ითამაშებს. შესაბამისად, მეტი ვარსკვლავის ჩამოსვლას უნდა ველოდოთ.