საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის NBA-ს All Star-ის გამოკითხვაში მეორე შუალედური შედეგების თანახმად, ქართველი დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. ამჟამად ზაზას 823, 376 ხმა აქვს.
პირველი შუალედური შედეგის მიხედვით ზაზას 439, 675 ხმა ჰქონდა დაგროვებული და ერთ კვირაში გულშემატკივრებმა აქტიური მხარდაჭერით ფაჩულიას ყველა ვარსკვლავთა მატჩში მონაწილეობის მიღების შანსი შეუნარჩუნეს. ზაზა პირველადგილოსან და თანაგუნდელ კევინ დურანტს 160 ათასი მეტი ხმით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან კავაი ლეონარდთან (630, 766) უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა.
დასავლეთ კონფერენციის უკანახაზელთა შორის ლიდერი სტეფ კარია, რომელმაც ჯეიმს ჰარდენთან უპირატესობა 4-დან 30 ათას ხმამდე გაზარდა. აღმოსავლეთში ფორვარდთა შორის ლიდერია ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც მილიონზე მეტი ხმა დააფიქსირა. "კლივლენდის" ვარსკვლავს სერიოზულ კონკურენციას უწევს "მილუოკის" მოთამაშე იანის ადეტოკუმბო (963, 110), მესამეზე ჯეიმსის თანაგუნდელი კევინ ლავია. რაც შეეხება მცველებს, პირველ ადგილზე კაირი ირვინგია (971,362), მეორე პოზიციას კი დუეინ უეიდი იკავებს (514, 866).
წელს All Star-ზე კალათბურთელთა არჩევის ახალი წესი ამოქმედდა, კალათბურთელთა 50%-ს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო 25-25% ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები.
როგორც გვახსოვს, შარშან ზაზას All Star-ზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა და რომ არა ბევრი არაზუსტად მიცემული ხმა ფაჩულიას ყველა ვარსკვლავის მატჩზე ნამდვილად ვიხილავდით.
2017 წლის “ოლ სტარზე” ზაზასთვის ხმის მიცემა ოთხი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ:
- Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (მხოლოდ 24 საათში ერთხელ)
- Twitter-ის სტატუსად: #NBAVOTE Zaza Pachulia (მხოლოდ 24 საათში ერთხელ)
- Google-ის საძიებო ველში ვწერთ NBA Vote All-Star, შემდეგ წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden state-ს, კალათბურთელებიდან, კი ზაზა ფაჩულიას. ამ შემთხვევაშიც ხმის მიცემა ხდება 24 საათში ერთხელ.
- nba.com/vote საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ და აქაც 24 საათსი ერთხელ.
თუ დღეში ოთხივე საშუალებას გამოიყენებთ შეგიძლიათ ერთ დღეში ფაჩულიას ოთხი ხმა მისცეთ.
“ოლ სტარი” 2017 წელს “ნიუ ორლეანში” გაიმართება, ხმის მიცემა 16 იანვარს დასრულდება.