„ბორნმუთმა“ ლონდონის „ჩელსის“ კაპიტნის, ჯონ ტერის იჯარის წესით აყვანის სურვილი გამოთქვა.
36 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 და ყველა ტურნირში ერთად 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან დევიდ ლუისის, სეზარ ასპილიკუეტასა და გარი კეჰილის კონკურენცია ვერ დაძლია, ცოტა ხნის წინ კი, „არისტოკრატთა“ შემადგენლობაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ კურტ ზუმამ ითამაშა.
ამრიგად, ვეტერან მცველს „ჩელსიში“ დარჩენის შემთხვევაში თამაშის შანსი თითქმის არ ექნება, ხოლო „ბორნმუთი“ მას მეტ სათამაშო დროს პირდება. გარდა ამისა, ტერის გუნდთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დარჩენა ფაქტობრივად აზრს კარგავს.
ორიოდე დღის წინ ლონდონელებმა „ბორნმუთში“ განათხოვრებული ჰოლანდიელი მცველი ნათან აკე გამოიწვიეს და Sky Sports-ის ვარაუდით, ახლა მის ადგილს სწორედ ტერი დაიკავებს.