ფეხბურთი

12:56 | 11.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი მეხუთედ აღიარეს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეხუთედ აღიარეს.

არჩევანი ექსპერტებისა და ყოფილი ფეხბურთელებისგან შემდგარმა კომისიამ გააკეთა და ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სარეკორდო რაოდენობის ქულები დააგროვა - 110. ამ გამოკითხვის არსებობის 45-წლიან ისტორიაში ამდენივე ქულა მხოლოდ ერთხელ, ფორვარდმა დადო პრშომ მოაგროვა.

„ამ ჯილდოს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ის იყო პირველი დიდი ჯილდო, რომელიც ჩემს კარიერაში მოვიპოვე“ - განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა, რომელიც საუკეთესოდ პირველად 2007 წელს აღიარეს.

მოდრიჩზე ერთით მეტჯერ ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელი დავორ შუკერი გამხდარა და ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ კარიერის დასრულებამდე ლეგენდარული ხორვატის მიღწევის გამეორებას შეძლებს:

„შუკერთან გათანაბრება და მისი გადასწრება კარგი იქნებოდა. უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ვაპირებ თამაშს და ამის შანსი აუცილებლად მექნება, თუმცა რეკორდის დამყარებაზე არასდროს მიფიქრია“.

0.117691