ლევან შენგელია ბელგიის "ტიუბიზიდან" კორეის ჩელენჯ ლიგის (რანგით მეორე) კლუბში გადავიდა - "ტეჯონ სიტიზენში". შენგელია ცაცია შემტევი ნახევარმცველია, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და გასულ წელს ნაკრებში ორი გოლიც გაიტანა.
ბელგიაში წასვლამდე, შენგელია ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა. ლევანი უცხოეთში "კოლხეთის" სპორტული დირექტორის, ლაშა ჯაკობიას მეშვეობით გადავიდა. ჯაკობიას კარგი კავშირები აქვს ბელგიაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.
Worldsport.ge-სთან საუბარში ჯაკობიამ აღნიშნა, რომ "ტიუბიზსა" და "ტეჯონ სიტიზენს" ერთი პრეზიდენტი ჰყავთ და შენგელია კორეაში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. "ტეჯონ სიტიზენს" უმაღლეს ლიგაში გადასვლა სურს და ქართველის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაუმატებია.
ლაშას თქმით, "ტეჯონ სიტიზენს" მშვენიერი პირობები აქვს - ბელგიის წამყვამ კლუბებზე მეტი თუ არა, არანაკლები. ტრადიციული კლუბია, 41000-იანი სტადიონი აქვს, სადაც 2002 წელს მუნდიალის მატჩები გაიმართა.