30 წლის ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია რუმინული "გაზ მეთანის" ფეხბურთელი გახდა. აკაკი ადრეც თამაშობდა ამ კლუბში და პირველად სწორედ იქიდან მოხვდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. 2009-2012 წლებში ითამაშა "გაზ მეთანში" და ერთ-ერთი სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
ხუბუტიამ დაუდასტურა Worldsport.ge-ს, რომ კონტრაქტი გააფორმა "გაზ მეთანთან" და ზეგ გუნდთან ერთად თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე.
სხვათა შორის, "გაზ მეთანს" ამჯერადაც კრისტიან პუშტაი წვრთნის. ადრეც, 2009-2012 წლებში სწორედ ის იყო ამ გუნდის თავკაცი.
"გაზ მეთანი" ტრანსილვანიიის მხარეში მდებარე ქალაქის, მედიაშის კლუბია. რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მესამე ადგილზეა და ლიდერ "ვიტორულს" 5 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, ხუბუტია ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი ჩაუტარებია. დებიუტი სლოვენიასთან სტუმრად 2:1 მოგებულ მატჩში ჰქონდა.