ხშირად მოისმენთ ან ამოიკითხავთ ფრაზას, კლუბში და ნაკრებში მუშაობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულიაო. ისიც გეცოდინებათ, რომ ბევრ სახელოვან მწვრთნელს, რომელთაც საკლუბო დონეზე მწვერვალები დაუპყრიათ, სანაკრებო დონეზე ღირებული ვერაფერი შეუქმნიათ. მთავარი განსხვავება კი ალბათ ის გახლავთ, რომ კლუბში მწვრთნელს ფეხბურთელებთან მუშაობა ყოველდღიურად უწევს და ასეთ დროს ბუნებრივია ხედვების გუნდზე მორგება გაცილებით ადვილია. ნაკრებში კი ასე არ გახლავთ – მხოლოდ სანაკრებო ფანჯრის დროს ეძლევა მთავარ მწვრთნელს შეგირდებთან მუშაობის შესაძლებლობა და ფეხბურთელებამდე საკუთარი ხედვის მიტანა სამ-ოთ დღეში უწევს.
ასეთ დროს რაღა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ამხანაგურ მატჩებს. ამისთვის, ფიფას სპეციალური დღეები აქვს გამოყოფილი და თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნული ნაკრები ფანჯარას მაქსიმალურად იყენებს. მოგეხსენებათ, იანვრის ბოლოს საქართველოს ნაკრებიც გაივლის შეკრებას და ორდღიანი ინტერვალით ორ სპარინგს ჩაატარებს დუბაიში: უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებებთან.
თუმცა, 23 და 25 იანვარი ფიფას კალენდარული დღე არ გახლავთ და შესაბამისად, ნაკრებს სრული შემადგენლობით შეკრება გაუჭირდება. ეგ კი არა, შეუძლებელიცაა, რადგან ამ დროს ევროპაში გაგანია სეზონია და ფეხბურთელებს თავიანთი გუნდები არ დათმობენ. როგორც ითქვა, ვლადიმირ ვაისი ხსენებულ მატჩებში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბირთვს გამოცდის და ამასთან იმ ლეგიონერებს, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლევათ.
უკვე ცნობილია, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან 7 ფეხბურთელია დუბაის შეკრებისთვის ნაკრებში გამოძახებული: ბუდუ ზივზივაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, ბაჩანა არაბული, ოთარ კიტეიშვილი, თეიმურაზ შონია და საბა ლობჟანიძე. მათგან უმრავლესობას სანაკრებო დონეზე დებიუტი ექნება.
სხვათა შორის, აქვე გვერდს ვერ ავუვლით და უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნული შეკრება მიუხედავად ერთი უარყოფითი მხარისა (ფეხბურთელთა ნაწილი ნაკრებში ვერ ჩამოვა, რაზეც ზემოთაც ვისაუბრეთ), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება ითქვას, ვაისს და მთლიანად ნაკრებს სულზე მიუსწრო.
რატომ? – ალბათ გეხსომებათ, რომ “ჯვაროსნებმა” აწ უკვე გასული წლის შემოდგომაზე მხოლოდ ოფიციალური მატჩები ჩაატარეს. არადა, სექტემბერში, ავსტრიასთან მატჩამდე ერთი თავისუფალი, ფიფას კალენდარული დღე იყო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს სპარინგი არ უთამაშია. იგივე განმეორდა ნოემბერშიც, როდესაც მოლდოვასთან თამაშის შემდგომ ისევ დაიკარგა ერთი კალენდარული სათამაშო დღე. რა თქმა უნდა, სჯობდა, რომ ხსენებული ორი დღე გამოეყენებინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და სპარინგ პარტნიორი ეპოვნა. თუნდაც, სუსტი. მაშინ, ნაკრებში ლეგიონერთა ის ნაწილიც მოახერხებდა თამაშს, რომლებსაც ამჯერად გუნდები არ გაათავისუფლებენ. მითუმეტეს მათ შორის, სულაც არაა იმ ფეხბურთელთა რაოდენობა მცირე, რომლებსაც ჩვენს ნაკრებში ჯერჯერობით მხოლოდ ვარჯიშებზე ან სათადარიგო სკამზე თუ ვხედავთ და რეალურად თამაშში თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემიათ. აქვე გეტყვით, რომ WORLDSPORT.GE სფფ-სგან კითხვაზე თუ რატომ ვერ მოხერხდა ხსენებულ პერიოდში სპარინგ პარტნიორების გამოძებნა, პასუხის მიღებას მრავალგზის შეეცადა, მაგრამ ამაოდ...
ისიც ვთქვათ, რომ მას შემდგომ რაც საქართველოს ნაკრებს ვაისი უდგას სათავეში გუნდმა ოთხი ამხანაგური თამაში ჩაატარა: თბილისში ყაზახეთთან, ავსტრიაში სლოვაკეთთან, ბუქარესტში რუმინეთთან და მადრიდში ესპანეთთან. მაისში მოწყობილი შეკრება კი მართლაც ნაყოფიერი იყო და მიუხედავად სლოვაკეთთან და რუმინეთთან მძიმე წაგებებისა, ესპანეთთან გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, სამწვრთნელო შტაბს გაცილებით გაუდვილა გუნდში მუშაობა.
წესით, ნაყოფიერი უნდა გამოდგეს დუბაის შეკრებაც. მართალია არც უზბეკეთია ესპანეთი და არც იორდანია სლოვაკეთი ან რუმინეთი, მაგრამ ასე თუ ისე, ანგარიშგასაწევი ძალაა ორივე გუნდი და სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე ჩვენგან არც არაფერი დაეწუნებათ. საინტერესო იქნება, როგორ წარმოაჩენენ თავს ნაკრებში ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები. თუნდაც, ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ჩინებული სეზონი ჰქონდა და ვაისს მის გამოძახებას კარგა ხანია მოუწოდებნენ. თუმცა, მარტო საქართველოს ჩემპიონატიც ხომ არაა, ლეგიონერთა შორსაც ბევრია ისეთი, ვისაც რეალურად შანსი ჯერ არ მისცემია.
ლეგიონერებს რაც შეეხებათ – ჯერ გასარკვევია ვინ შესძლებს ჩამოსვლას და ვინ – ვერ. დაველოდოთ, როდესაც სანაკრებო სია ოფიციალურად გაცხადდება. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც ნაკრებში ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ დუბაის შეკრებაზე გუნდს ვერ გაჰყვებიან. მაგალითად, გიორგი მაკარიძე, ნიკა კაჭარავა...
თუმცა, როგორც უნდა იყოს, მალე გახდება ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სიაც სრულად ცნობილი და ვნახოთ რა, როგორ იქნება. ასეა თუ ისე, შეკრება რომ მოხერხდება ნაკრების ეს უკვე კარგია – არ ვართ განებივრებული ასეთი შესაძლებლობებით და გუნდს უდაოდ უნდა წაადგეს მომავალში გასამართი ოფიციალური მატჩებისთვის...