ფეხბურთი

10:00 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამოკითხვა - ირჩევთ 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს
"მსოფლიო სპორტის" ტრადიციული გამოკითხვა, რომელიც სათავეს 2006 წლიდან იღებს

გაზეთი “მსოფლიო სპორტი” და ვებგვერდი WORLDSPORT.GE ტრადიციას არ არღვევს – ჩვენი მკითხველი ამჯერადაც გამოავლენს თავისი არჩევნის მიხედვით საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს. ამჯერად, რა თქმა უნდა, საუბარი 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელზეა. ტრადიციულად 22 ფეხბურთელი შევარჩიეთ, რომელთაგანაც ერთი გაიმარჯვებს. საუკეთესო კი, გამოკითხვის შედეგად გახდება ცნობილი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო 7 დღის განმავლობაში იქნება განთავსებული.

ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია. თუმცა, მხოლოდ ერთხელ და ისიც ერთ, სასურველ კანდიდატზე. წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვაში ხმები 15 იანვრის 23:59 საათამდე მიიღება.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი რედაქცია მაქსიმალურად შეეცადა მოცემულ ვითარებაში ტრადიციულად დაეცვა ობიექტურობა და ისე შეერჩია ნომინანტები. აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდა ჯაბა კანკავა, რომელიც ტრადიციული გამოკითხვის ბოლო გამარჯვებულია და შარშან “მსოფლიო სპორტის” თასი აპრილში ჯაბას ძმამ, ლევანმა ჩაიბარა, რომელიც რედაქციაში გვსტუმრობდა. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში კანკავას პირველ მწვრთნელ გურამ ჩომახიძეს ყოველთვიურად ხელფასის სახით “მსოფლიო სპორტის” რედაქცია 150 ლარს გადასცემდა. თუმცა, ეს შარშან იყო. ჯაბას სამწუხაროდ 2016 წელი ისეთი ვერ გამოუვიდა, როგორსაც მისგან ველოდით და საერთოდ შეგვაჩვია.

აქვე, შეგახსენებთ, რომ “მსოფლიო სპორტი” წლის საუკეთესო ფეხბურთელს 2006 წლიდან მოყოლებული ავლენს – აქამდე, ჩვენი გაზეთის თასის მფლობელები გახდნენ: ლევან ცქიტიშვილი (2006), გიორგი მერებაშვილი სამჯერ (2007, 2008, 2010), ჯანო ანანიძე (2009), კახა კალაძე (2011), თორნიკე ოქრიაშვილი ორჯერ (2012 და 2014), გურამ კაშია (2013) და ჯაბა კანკავა (2015).

გარდა ამისა, წინა 10 შემთხვევიდან ცხრაჯერ საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივარმა, მკითხველმა გამოვლინა (თავიდან სმს-ების საშუალებით, მერე საიტზე განთავსებული გამოკითხვით). ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობის დასახელება საკუთარ თავზე რედაქციამ აიღო, შარშან გახლდათ, როდესაც საუკეთესოდ კანკავა მივიჩნიეთ და ამაზე მაშინ სადაო არც არაფერი იყო.

ახლა კი, 2016 წლის იმ 22 ფეხბურთელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა და გავიხსენოთ მოკლედ თუ როგორ ჩაატარეს მათ განვლილი წელი. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას, ამავე წერილის ბოლოს ყველას შეგიძლიათ თქვენი არჩევანი გააკეთოთ. თუმცა, მანამდე ნომინანტებზე - მაშ ასე, WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ 22 ნომინირებულ ქართველ ფეხბურთელს:

გიორგი მაკარიძე (“ფეირენსე” / “მორეირენსე”, პორტუგალია) – კარიერაში ალბათ საუკეთესო წელი ჰქონდა გიორგი მაკარიძეს. 26 წლის კიპერმა თავისი უშუალო მოვალეობაც ჩინებულად შეასრულა და ადგილი მიიღო პორტუგალიის პრემეირა ლიგაში. გიორგიმ გასული წლის პირველი ნახევარი “ფეირენსეში” გაატარა, რომელსაც უმაღლესი დივიზიონის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. ზაფხულში კი, “მორეირენსეს” მიაშურა და არც აქ გასჭირვებია ძირითადში ფეხის მოკიდება. მიუხედავად საკლუბო დონეზე ჩინებული თამაშისა, მაკარიძეს საქართველოს ნაკრებში შანსი ჯერ არ მისცემია. მთლიანობაში მაკარიძემ 2016 წელს 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აქედან 14 პორტუგალიის მთავარ ლიგაში დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ იგი 2016 წლის შუაში “ფეირენსეს” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი) – სოლომონ კვირკველია ყაზანის “რუბინში” ზაფხულიდან მოყოლებული უთამაშებელია, მაგრამ ჩვენი აზრით, 22 კაცში მოხვედრა უდაოდ დაიმსახურა. რატომ? – საბა მიუხედავად საკლუბო პრობლემებისა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის სტაბილურად და მაღალ დონეზე ირჯებოდა 2016 წელს ჩატარებულ თამაშებში. მთლიანობაში 24 წლის ფეხბურთელმა შარშან 21 შეხვედრა ჩაატარა.

გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია) – როგორც მისგან მივეჩვიეთ სტაბილურად ჩაატარა წელი გურამ კაშიამ. არნემის “ვიტესის” კაპიტანმა თავი არც ეროვნულ გუნდში დაზოგა და რამდენიმე თამაშში უკაპიტნა კიდეც. კაშიას 2016 წლის მონაგარმა 41 მატჩი და 2 გოლი შეადგინა. გურამის კარგი თამაში სხვათა შორის ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ “ბეტისს” არ გამორჩენია და ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ სევილიელები მის ტრანსფერს განიხილავდნენ.

გიორგი ქიმაძე (“ტორპედო”, საქართველო) – 2016 წელი კარგი გამოდგა ქუთაისის “ტორპედოს” მარცხენა მცველ გიორგი ქიმაძისთვისაც. 24 წლის ფეხბურთელი იმერული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და წლის ბოლოს ტიტულიც მოპოვა – საქართველოს თასი. მთლიანობაში გიორგი თავის უშუალო მოვალეობის გარდა შეტევებისთვისაც იცლიდა და 32 მატჩში 4 გოლის გატანა შესძლო. ამასთან, რამდენჯერმე ასისტენტის როლშიც მოგვევლინა.

სანდრო კობახიძე (“ვოლინი” / “ვორსკლა”, უკრაინა) – 2016 წელს სანაკრებო დონეზე მაინცდამაინც თავი არ გამოუჩენია, მაგრამ საამისოდ შანსი თითქმის არც მისცემია. სამაგიეროდ, კლუბში გამორჩეული იყო. ჯერ ლუცკის “ვოლინში”, ხოლო ზაფხულიდან უკვე პოლტავას “ვორსკლაში”, სადაც გუნდის ლიდერია. განვლილ წელს სანდრომ 25 მატჩში ითამაშა და გოლთან ერთად 3 საგოლე პასს გამორჩა.

გიორგი ჭანტურია (“დუისბურგი”, გერმანია / “ურალი”, რუსეთი) – ვერ ვიტყვით, რომ ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ცუდი წელი ჰქონდა. უბრალოდ, ცუდად დაუსრულდა, რადგან წლის ერთ-ერთ ბოლო მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და უქმობა კარგა ხანს მოუწევს. 2016 წელი მისთვის გერმანულ “დუისბურგში” დაიწყო, რომლის რიგებშიც 14 მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა, მაგრამ II ბუნდესლიგაში გუნდმა ადგილი ვერ შეინარჩუნა. მას მერე კი, “ურალშია”, სადაც ასევე გუნდის ლიდერია – რუსულ პრემიერლიგაში 12 მატჩში 2 გოლი შეაგდო, რასაც რუსეთის თასზე გატანილი ამდენივე ბურთი დაუმატა. საქართველოს ნაკრებში კი ოთხჯერ ითამაშა, მაგრამ უმეტესაც შეცვლებზე უწევდა თამაშში ჩართვა.

ვაკო ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია / “ლეგია”, პოლონეთი) – ჭანტურიასი არ იყოს, 2016 წელს ორ გუნდში ითამაშა ვაკო ყაზაიშვილმაც. “ვიტესიდან” მან ზაფხულში ვარშავის “ლეგიას” მიაშურა, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა ორი მატჩი. თუმცა, პოლონეთში მას ჯერჯერობით თავის დამკვიდრება უჭირს და მხოლოდ 2 საგოლე პასს გამორჩა. “ვიტესში” კი, შარშან 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ვაკო კარგი იყო საქართველოს ნაკრებშიც – 8 თამაში ჩაატარა, თუმცა განსკუთრებით კარგად წლის ბოლო ორი მატჩი: უელსთან ჩინებული საგოლე პასი გააკეთა, მოლდოვას კი, ულამაზესი გოლი გაუტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი (“ესქიშეჰირსფორი”, თურქეთი / “კრასნოდარი”, რუსეთი) – 2016 წელი საკლუბო დონეზე არცთუ ისე წარმატებული იყო თორნიკე ოქრიაშვილისთვის, მაგრამ სამაგიეროდ, ეროვნულ ნაკრებში დიდებულად ირჯებოდა. გოლები ყაზახეთის, ესპანეთისა და უელსის კარში. თანაც, მადრიდში მისი გოლი ისტორიული გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, ხოლო კარდიფში, ასევე მნიშვნელოვანი ქულის. რაც შეეხება საკლუბო დონეს: რუსულ “კრასნოდარს” ნელ-ნელა ეჩვევა და წლის ბოლოს გეხსომებათ, “ზენიტს” ზღაპრული გოლიც გაუტანა. მანამდე კი იყო თურქული ესქიშეჰირსფორი”, რომლის რიგებშიც 12 თამაშში 2 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ოქრიაშვილი 2016 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად უკვე დასახელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული გამოკითხვის შედეგად.

ვაკო გვილია (“მინსკი” / “ბატე”, ბელორუსი) – 2016 წლის მთავარი აღმოჩენა უდაოდ ვაკო გვილიაა. 22 წლის ფეხბურთელს ჩინებული წელი ჰქონდა და ეროვნული ნაკრების კარიც შეაღო ხმაურიანად ოქტომბერში. ირლანდიასთან და უელსთან მატჩებში იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. წლის პირველი ნაწილი კი, “მინსკში” გაატარა, სადაც კარგი გარჯა დაუფასდა და ბელორუსის საუკეთესო გუნდ “ბატეში” მოხვდა. ვაკო არც ბორისოვში ჩაკარგულა და 18 თამაშში 5 გოლი შეაგდო. რაც შეეხება “მინსკის” მონაგარს – 15 მატჩი, 4 გოლი. ეროვნულ ნაკრებში კი მოგეხსენებათ სამი კეპი აქვს დაგროვილი. განსაკუთრებით კარგი მას ოქტომბრის თვე ჰქონდა და სხვათა შორის ჩვენი მკითხველის ვერსიით ამ თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”, რუსეთი) – ჯანო ანანიძემ წლის მეორე ნახევარში ძალზე მოუმატა. მისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აგვისტო-სექტემბერი გამოდგა, როდესაც worldsport.ge-ს მკითხველის ვერსიით თვის საუკეთესო ქართველი მოთამაშეც გახდა. მოსკოვის “სპარტაკში” ჯანომ 21 თამაში გამართა და 5 გოლი გაიტანა. თანაც ძალიან ლამაზი გოლები და მათგან ორი “სპარტაკის” წლის საუკეთესო 10 გოლში მოხვდა. ლამაზი გოლით გაგვანებრივა ანანიძემ საქართველოს ნაკრებშიც – ავასტრიასთან შორეული დარტყმით გამოიჩინა თავი. ჯანოს მიერ ნაჩვენებმა თამაშმა წლის მეორე ნახევარში ქართველ გულშემატკივარს იმედი გაუღვივა, რომ ის თავისი ტალანტის წარმოჩენას ბოლოს და ბოლოს, სრულად შეძლებს.

ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, საქართველო) – თბილისის “დინამოს” ძალზე წარუმატებელი წელი ჰქონდა, მაგრამ მისი ნიჭიერი შემტევი ოთარ კიტეიშვილი ნათელი წერტილი იყო გუნდში. ოთარი ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. იგი დუბაის შეკრბისთვის ეროვნულ გუნდშიცაა მიწვეული. მთლიანობაში კიტეიშვილმა 2016 წელს 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების რიგებში.

გიორგი აბურჯანია (“ხიმნასტიკი” / “სევილია ატლეტიკო”, ესპანეთი) – 2016 წელი გიორგი აბურჯანიასთვის ორ ნაწილად იყოფა: პირველი და მეორე. მეორე მისთვის წარუმატებელი გამოდგა. არადა, “სევილიასთან” კონტრაქტი ახალი გაფორმებული ჰქონდა სერიოზულად რომ დაშავდა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა. აბუმ “სევილიას” მეორე გუნდში 4 თამაშის გამართვა მოასწრო. მანამდე კი იყო ფურორული ასპარეზობა ტარაგონას “ხიმნასტიკში”, რომელსაც 16 მატჩში 2 ლამაზი გოლითა და 2 ზღაპრული საგოლე პასით შეეწია. ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველის თამაში იმდენად კარგი იყო, რომ გასული სეზონის სეგუნდადივიზიონის საუკეთესო ლეგიონერებს შორისაც მოხვდა.

ჯაბა ჯიღაური (ამჟამად უგუნდო) – საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს ღირებულის შექმნა უჭირთ ხოლმე, მაგრამ ჯაბა ჯიღაური ამ მხრივ აშკარად გამონაკლისია. 24 წლის ფეხბურთელმა “ჯვაროსნების” რიგებში 4 მატჩი ჩაატარა და გამოსაყოფია მისი გარღვევა ესპანეთის ნაკრებთან, როდესაც ჟორი ალბასა და ჟერარ პიკეს მეტეორივით ჩაუქროლა. მერე ოქრიაშვილს ისტორიული გოლი გაატანინა ცარიელ კარში. “დინამოშიც” ჯაბა გამორჩეული გახლდათ – 44 მატჩში 11 გოლია მის ანგარიშზე.

ჯაბა ლიპარტია (“ზორია”, უკრაინა) – გამოცდილი ქართველი შემტევი უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში საკმაოდ ნორმალურად თამაშობდა გასულ წელს. “ზორია” ის გუნდია, რომელიც “დინამოსა” და “შახტარის” შემდეგ უკრაინაში ალბათ ყველაზე ძლიერია. ქართველმა ფეხბურთელმა ლუგანსკელთა რიგებში 2016 წელს 28 მატჩში 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ნიკა კვეკვესკირი (“ინტერი” / “გაბალა”, აზერბაიჯანი) – ნიკა კვეკვესკირს 2016 წლის საკმაო პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ ურიგოდ მაინც არ უთამაშია. ჯერ იყო და ბაქოს “ინტერს” ულიდერა და აზერბაიჯანის ჩემპიონატის სიმბოლურში მოხვდა, მერე ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “გაბალაში” აღმოჩნდა და დირიჟორის ფუნქციაც იტვირთა. რომან გრიგორჩუკის გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდა, მისი დიდი დამსახურება გახლდათ – საკვალიფიკაციო ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა, ერთხელ გოლიც შეაგდო. თუმცა, უფრო ფასეული რამ ფრანგულ “ლილთან” შექმნა: ჩინებული საგოლე პასი, როდესაც დაცვის ხაზი უსაქმოდ დატოვა. ნიკასდა სამწუხაროდ, ჯგუფურ ეტაპზე ის ძირითადად ტრავმირებული გახლდათ და მხოლოდ ბოლო სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ ნაკრებში კი, კვეკვესკირის დიდად თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

თეიმურაზ შონია (“დინამო” ბათუმი, საქართველო) – ბათუმის “დინამომ” ევროპა ლიგის საგზური რომ მოიპოვა, ამაში დიდია თეიმურაზ შონიას წვლილი. 26 წლის ნახევამრცველმა გარდამავალი ჩემპიონატი მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა და თავის გუნდს 7 გოლით შეეწია. კარგი გარჯა მას სხვანაირადაც დაუფასდა: დუბაის შეკრებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად დაუძახეს. მთლიანობაში შონიამ 2016 წელს 29 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

საბა ლობჟანიძე (“დინამო” / “ჩიხურა”, საქართველო) – 22 წლის ნიჭიერ შემტევს “დინამო” თბილისში შანსი ხშირად არ ეძლეოდა და ამიტომაც წლის მეორე ნახევარი საჩხერის “ჩიხურაში” გაატარა, სადაც ლიდერის თვისებები გამოვლინა და პატარა იმერული გუნდის ვიცე-ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საბა ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ვისი გამორჩევაც ჩვენს პირველობაზე თამამად შეიძლება. 2016 წელს ლობჟანიძემ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია) – ლევან მჭედლიძეს 2016 წელი ისეთი ნამდვილად არ ჰქონია, როგორსაც ყველა ისურვებდა, მაგრამ ფინიში მართლაც დიდებული გამოუვიდა. წლის უკანასკნელ ორ მატჩში მან მიჯრით “კალიარის” და “ატალანტას” გაუტანა – სერია ა-ში ორ მატჩში სამი გოლის გატანას კი ბარე-ორი ფეხბურთელი ნატრულობს. ლევანი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ. ერთი იყო ნაკრები მასთან ერთად და მეორე მის გარეშე.

გიორგი ქვილითაია (“დინამო”, საქართველო / “რაპიდი”, ავსტრია) – ბოლო დროს ნამდვილად არ ვართ დაჩვეულნი საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ ავსტრიის ბუნდესლიგის წამყვან გუნდში ფეხბურთელის გადაბარგებას. თუმცა, გიორგი ქვილითაიამ სწორედ ასეთი გზა გაიარა. 2015-2016 წლების საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა შარშან “დინამოს” რიგებში 19 თამაშში 15 გოლი შეაგდო, რასაც ვენის “რაპიდში” გამართულ 19 მატჩში გატანილი 5 გოლიც წაუმატა. ეროვნულ ნაკრებში კი, ოთხჯერ ითამაშა, მაგრამ ძირითადში ერთადერთხელ იყო.

ნიკა კაჭარავა (“როსტოვი”, რუსეთი / “ეთნიკოსი”, კვიპროსი) – გასული წლის დასაწყისში იგი რუსეთში გადაბაგდა, მაგრამ “როსტოვში” დიდი კონკურენციის გამო არ უთამაშია. რის შემდგომაც მართებული გადაწყვეტილება მიიღო და კვიპროსში “ეთნიკოსს” შეუერთდა. ნიკამ კუნძულზე კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ფეხბურთის თამაში იცის – 11 გოლი აქვს გატანილი და იქაურ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდია. სწორედ ამიტომ მისით ინტერესს კვიპროსის ფლაგმანი “აპოელი” იჩენს. მიუხედავად საკლუბო დონეზე ჩინებული თამაშისა, კაჭარავა ეროვნულ ნაკრებში სათამაშო დროით შარშან განებივრებული ნამდვილად არ ყოფილა.

ბუდუ ზივზივაძე (“სამტრედია”, საქართველო) – ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. შესაბამისად, ჩვენს ნომინანტებში მისი ყოფნა მოულოდნელი არცაა. ზივზივაძემ გარდამავლ ჩემპიონატში 13 გოლი შეაგდო და ბომბარდირი გახდა. ამასთან, ქვეყნის ჩემპიონიც. გარდა ამისა, თავი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოიჩინა. ჯამში 22 წლის შემტევმა 2016 წელს 34 მატჩში თავი 24-ჯერ გამოიჩინა.

დავით სხირტლაძე (“სილკებორგი”, დანია) – თამამად შეიძლება ითქვას, რომ დავით სხირტლაძესთვის 2016 წელი წარმატებული იყო. 23 წლის ფორვარდი დანიურ “სილკებორგში” ლიდერად ჩამოყალიბდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, რომელიც საგოლე პასით აღნიშნა. “სილკებორგში” კი, სხირტლაძემ 2016 წელს დუბლი ოთხჯერ შეასრულა, ერთხელაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. მთლიანობაში დავითმა განვლილ წელს 37 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ესეც ჩვენს მიერ შერჩეული 22 ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, როგორც ზემოთ გითხარით, გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ხმის მიცემა კი, ქვემოთ შეგიძლიათ.

0.115536