საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტებთან NBA All Star-ის შუალედურ შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა გამოკითხვაზე გავლენა უკვე მოახდინა.
შუალედურ შედეგების მიხედვით ზაზამ დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის მეორე ადგილი 439 675 ხმით დაიკავა. ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი (541. 219) უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსანი კავაი ლეონარდი (341, 240) ზაზას თითქმის 100 000 ხმით ჩამორჩება.
აღნიშნულ შედეგთან დაკავშირებით "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ჟურნალისტს კითხვა დაუსვა: "ფიქრობ, რომ შედეგები გაყალბებულია? ნასიამოვნები ვარ ასეთი მხარდაჭერით. ყველა ვარსკვლავთა მატჩი ან დიდება არ მაღელვებს, ყურადღებას ვაქცევ იმ მხარდაჭერას და სიყვარულს, რომელიც საქართველოდან მოდის. ეს ფაქტი მეუბნება, რომ რასაც ვაკეთებ, სწორია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ნაკრებისთვის თავს ვდებ და მოსახლეობაც ყურადღებას მხარდაჭერით მიფასებს." - ციტირებს ზაზას სიტყვებს mercurynews.com-ი.
ასევე ფაჩულიამ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა სისტემა შეცვალა: "ეს უკვე გამარჯვებაა, წარმატებაა. ქართველებმა გამოკითხვის სისტემაზე უკვე გავლენა მოახდინეს. ადამ სილვერს (NBA-ის კომისარი) და NBA-ის მოუწიათ სპეციალური შეხვედრა გაემართათ, რათა ხმის მიცემის პროცედურაში ცვლილებები შეეტანათ. ეს ფაქტი დიდებულია."
ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის კალათბურთელთა 50%-ს გულშემატკივრები ირჩევენ, 25%-25% პროცენტი კი ჟურნალისტებსა და მოთამაშეებზე გადანაწილდა. mercurynews.com-ი წერს, რომ ზაზას შანსი ნაკლებად აქვს, თუმცა იმედი არის, თუ ინტერნეტ-გამოკითხვა სხვა კალათბურთელებზე გავლენას მოახდენს და ფაჩულიას ხმას მისცემენ. ზაზას თანაგუნდელმა დრეიმონდ გრინმა, რომელსაც შუალედური შედეგების მიხედვით 236 ათასი ხმით მეხუთე ადგილი ერგო, ხუმრობით აღნიშნა, რომ ხმას ქართველს მისცემს.
"არ ვიცი ზაზა ამ წნეხს როგორ გაუმკლავდება. მე აუცილებლად ხმას ფაჩულიას მივცემ და კალათბურთელებმა მის მხარდასაჭერად კამპანია უნდა დავიწყოთ."
ზაზა ფაჩულიას შედეგის გამოქვეყნების შემდეგ, წინა წლის მსგავსად, ამერიკული პრესა იუმორით შეხვდა. ცნობილი გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის სისტემის შეცვლის შემდეგ, გულშემატკივრების მხარდაჭერის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა ჟურნალისტებმა და მოთამაშეებმა მხარი ქართველს დაუჭირონ. გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ მწვრთნელები ზაზას სათადარიგოთა სკამისთვისაც არ აირჩევენ.
მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ქართველების გარდა, ამერიკელი გულშემატკივრების ნაწილი ქართველ ცენტრს მხარს უჭერს. მხარდამჭერთა იმ ნაწილმა, რომელსაც საყვარელი კალათბურთელების შედეგები არ ესიამოვნათ, უმჯობესია ხმის მიცემის პროცედურა ზუსტად დაიცვას. ზაზას გულშემატკივრებმა კი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესეს - ფაჩულიას წინა წლის შუალედურ შედეგებში 194 421 ხმა ჰქონდა და მერვე ადგილზე იმყოფებოდა.
2017 წლის “ოლ სტარზე” ზაზასთვის ხმის მიცემა ოთხი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ:
- Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (მხოლოდ 24 საათში ერთხელ)
- Twitter-ის სტატუსად: #NBAVOTE Zaza Pachulia (მხოლოდ 24 საათში ერთხელ)
- Google-ის საძიებო ველში ვწერთ NBA Vote All-Star, შემდეგ წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden state-ს, კალათბურთელებიდან, კი ზაზა ფაჩულიას. ამ შემთხვევაშიც ხმის მიცემა ხდება 24 საათში ერთხელ.
- nba.com/vote საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ და აქაც 24 საათსი ერთხელ.
თუ დღეში ოთხივე საშუალებას გამოიყენებთ, შეგიძლიათ ერთ დღეში ფაჩულიას ოთხი ხმა მისცეთ.
“ოლ სტარი” 2017 წელს “ნიუ ორლეანში” გაიმართება, ხმის მიცემა კი 16 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს.