კალათბურთი

20:52 | 6.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: "მაინც მჯერა, რომ ჯგუფიდან გავალთ"

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, მანუჩარ მარკოიშვილს, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის შესარჩევი ეტაპი, რომელიც 2016 წელს ჩატარდა, ფეხის, კონკრეტულად კი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა. იმავე წლის შემოდგომაზე მანუჩარი იძულებული გახდა ოპერაცია გაეკეთებინა. მართალია, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ იგი იმდენად რთული იყო, რომ ყავარჯნები ბოლომდე ჯერაც არ გადაუგდია და შეიძლება ითქვას რომ, 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონი გაუცდა.

თბილისში ყოფნის დროს მანუჩარ მარკოიშვილს worldsport.ge შეხვდა და ჩატარებული ოპერაციის გარდა სამომავლო გეგმებსა და კალათბურთში ევრო 2017-ის იმ ჯგუფის შესახებ ესაუბრა, სადაც საქართველოსთან ერთად ლიტვის, იტალიის, გერმანიის, ისრაელისა და უკრაინის ნაკრები გუნდები გამოვლენ. თითოეული ჯგუფიდან მედლებისათვის ბრძოლას პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები გააგრძელებენ.

-თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენი ტრავმისა და ოპერაციის შესახებ.

- ,,დარუშაფაკაში’’ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მუხლში ტკივილი ვიგრძენი. რამდენიმე სამედიცინო შემოწმებამ ტრავმის ნიშნები ვერ აღმოაჩინა, ტკივილები კი მაინც მქონდა. რადგან ტრავმის ნიშნები არ იყო, ,,დარუშაფაკას’’ ხელმძღვანელობამ მითხრა გამაყუჩებლით მეთამაშა. საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ მუხლში პატარა, უცხო სხეული აღმოჩნდა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება, რომელიც ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, დოქტორ ლაგას ხელმძღვანელობით გავიკეთე.

-რა იყო მუხლში ის უცხო სხეული, რომელიც გამოკვლევამ დააფიქსირა?

-ოპერაციის დროს აღმოჩნდა, რომ მუხლის ხრტილი მქონდა დაზიანებული და პატარა სხეულიც ხრტილის ნაწილი იყო. ხრტილს მოცილებული პატარა ნაწილის მოშორების გარდა მოხდა მენისკის შესწორება. ერთი სიტყვით ოპერაციამ კარგად ჩაიარა. თქვენი საიტის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო ექიმ ლევან ნაჭყებიას და საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ექიმს თემურ ხვედელიძეს, რომლებიც თბილისში ყოფნის დროს მეხმარებოდნენ.

-ყავარჯნები როდის უნდა გადააგდოთ?

-რვა იანვრამდე. რვაში ანტვერპენში ჩავალ და რეაბილიტაციის კურსს იქ გავივლი.

-პარკეტზე გასვლასა და თამაშს როდიდან შეძლებთ?

-დაახლოებით აპრილის ბოლოდან.

-რა თანხა ჯდება თქვენი მუხლის მკურნალობა?

-საკმაოდ ძვირი.

-ვინ იხდის ამ თანხას, თქვენ თუ...

-რა თქმა უნდა, მე ვიხდი.

-რატომ, კლუბი არ გეხმარებათ?

-კლუბი იმ შემთხვევაში დამეხმარებოდა თუ ოპერაციას მის მიერ შემოთავაზებული პირობებით გავიკეთებდი.

-,,დარუშაფაკა’’ მკურნალობის რა პირობებს გთავაზობდათ?

-თურქები თურქეთში, მათ მიერ შერჩეულ კლინიკაში მთავაზობდნენ მკურნალობას, მაგრამ მე ბელგიაში, ჩემს ექიმთან ვამჯობინე ოპერაციის გაკეთება.

-რადგან 2016-2017 წლების სეზონი მთლიანად გაგიცდათ ,,დარუშაფაკა’’ ხელფასს თუ გადაგიხდით?

-წესით უნდა გადამიხადოს, რადგან ,,დარუშაფაკასთან’’ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე მაქვს გაფორმებული.

-ამდენი ხნის უთამაშებელი მოასწრებთ ფორმაში შესვლას, რათა ნაკრებს ევრო-2017-ის ფინალურ ეტაპზე დაეხმაროთ?

-(ეცინება) თუ გამომიძახეს მომზადებას მოვასწრებ.

-თქვენ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხართ და ეჭვი გეპარებათ, რომ გამოგიძახებენ?

-კალათბურთელების ნაკრებში გამოძახება მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია და ამიტომ არ ვარ დარწმუნებული გამომიძახებს თუ არა.

-ევრო-2017-ის ,,B’’ ჯგუფის შესახებ რას გვეტყვით, სადაც სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც მოხვდა?

-ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ექვსივე გუნდს აქვს პირველ ოთხეულში მოხვედრის შანსი. ამიტომ ძნელია პროგნოზის გაკეთება თუ ვინ ფავორიტია და ვინ აუტსაიდერი.

-გუნდიდან ნოვიცკისა და კამანის წასვლის შემდეგ გერმანიის ნაკრები შეიძლება ფავორიტთა შორის დავასახელოთ?

-მართალია, თქვენს მიერ დასახელებული კალათბურთელები გერმანიის ნაკრებში აღარ თამაშობენ, მაგრამ მათ გარდა გერმანიას ჰყავს პერსპექტიული სპორტსმენები. თუ ამას დავუმატებთ დისციპლინას და საქმისადმი სერიოზულ მიდგომას, გერმანიის ნაკრები არავისთვის იქნება ხელწამოსაკრავი გუნდი.

-მეტნაკლებობა ყოველთვის არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინ არის შედარებით გამოკვეთილი ლიდერი და აუტსაიდერი?

-როგორც შემადგენლობიდან, ისე ტრადიციებიდან გამომდინარე ჯგუფიდან გასვლის შედარებით მეტი შანსი ლიტვას აქვს. ნებისმიერი ნაკრების მომზადებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ მდგომარეობას. ამიტომ, ჯგუფიდან გასვლის ყველაზე ნაკლები შანსი უკრაინას აქვს, რადგან ამ ქვეყანაში, ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით, ყველაზე არასტაბილური მდგომარეობაა.

-საქართველოზე რას იტყვით, შეძლებს ჯგუფიდან გასვლას?

-მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი მთლიანობაში თანაბარი ძალის გუნდებითაა დაკომპლექტებული, მაინც მჯერა, რომ ჯგუფიდან გავალთ და მედლებისათვის ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ნაკრები შეძლებს მისთვის სასურველი შემადგენლობის შეკრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლა ყველა ნაკრებს გაუჭირდება.

0.116694