საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ახალი სეზონისთვის 9 იანვარს შეიკრიბება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თბილისში დაიწყებს მზადებას. 21 იანვრიდან კი გუნდი ანტალიისკენ აიღებს გეზს და 1 თებერვლამდე თურქეთში გაივლის მოსამზადებელ შეკრებას.
რაც შეეხება შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებს, „საბურთალოს“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდს დაუბრუნდა მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იჯარით თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. ამჯერად განათხოვრების წესით გადავიდა „ლოკომოტივში“ „საბურთალოს“ კიდევ ერთი მეკარე ბექა ქურდაძე. ასევე, იჯარით იასპარეზებს მარტვილის "მერანის" შემადგენლობაში ირაკლი რუხაძე, ვინც წლების განმავლობაში საბურთალოელთა ღირსებას იცავდა.