მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილეთა 32-დან 48 გუნდამდე გაზრდის შემთხვევაში, ტურნირიდან ფიფას შემოსავალი დაახლოებით 20 პროცენტით მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე აქვეყნებს.
რა თქმა უნდა, მუნდიალის მონაწილეთა რაოდენობის მატება, საორგანიზაციო ხარჯებსაც ზრდის, თუმცა კვლევის თანახმად ირკვევა, რომ 48-გუნდიანი ტურნირი ფიფას დამატებით, ყველაზე ცოტა, 640 მილიონ დოლარს მოუტანს.
ამის მიუხედავად, ფიფა მოუწოდებს 10 იანვარს ციურიხში დაგეგმილი კენჭისყრის მონაწილეებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ფინანსური მხარით არ იხელმძღვანელონ.