ჭადრაკი

0:20 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი რაპიდში. ბოლო დღეს შესანიშნავად ითამაშა ქალთა შორის საქართველოს N1 მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ, რომელმაც 4 შესაძლებლიდან 3 ქულა აიღო, მთლიანობაში 8 ქულა დააგროვა და ტურნირის 34 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ 6-6 ქულა დააგროვეს და მეჩვიდმეტე-ოცდამეორე ადგილზე გასულ სპორტსმენთა შორის მოხვდნენ. მაჩვენებლების მიხედვით საბოლოოდ ბაციაშვილს მეთვრამეტე, ხოლო არაბიძეს მეოცე ადგილი ერგო. 5,5 ქულით ლელა ჯავახიშვილმა და თურქმენმა მარი გელდიევამ შესაბამისად ოცდამესამე და ოცდამეოთხე ადგილები დაიკავეს. 5-5 ქულა დააგროვეს სოფო გვეტაძემ და მაკა ფურცელაძემ. ისინი ოცდამეხუთე-ოცდამეცხრე ადგილებზე გასულ სპორტსმენთა შორის არიან. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით გვეტაძემ ოცდამეექვსე, ხოლო ფურცელაძემ ოცდამეშვიდე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება პირველ ადგილს და ჩემპიონის ტიტულს, მისი მფლობელი უკრაინელი ანა მუზიჩუკი გახდა, რომელმაც ყველაზე მეტი 9,5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ალექსანდრა კოსტენიუკს ( რუსეთი) ერთი ქულით გაუსწრო.

ვაჟთა შორის მოასპარეზე ქართველმა მოჭადრაკეებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ ისე ვერ დაასრულეს, როგორც მათ და მათ გულშემატკივრებს სურდათ.

ქართველთაგან ყველაზე კარგი შედეგი საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ აჩვენა, რომელმაც 8,5 ქულა დააგროვა და ოცდამესამე-ოცდამეთხუთმეტე ადგილები გაიყო. საბოლოოდ გიგას მაჩვენებლის მიხედვით 35-ე ადგილი ერგო. რაც შეეხებათ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს ლევან ფანცულაიას, ბაადურ ჯობავასა და მიხეილ მჭედლიშვილს, საბოლოოდ 7,0-7,0 ქულა დააგროვეს და 106 მონაწილეს შორის სამოცდამეერთე-სამოცდამეთექვსმეტე ადგილებზე გასულთა შორის მოხვდნენ. მაჩვენებლების მიხედვით მაგნუს კარლსენის მძლეველ ფანცულაიას 61-ე, მჭედლიშვილს 65-ე, ხოლო ჯობავას 71-ე ადგილი ერგო.

11-11 ქულით პირველ-მესამე ადგილებზე შესაბამისად ვასილ ივანჩუკი ( უკრაინა), ალექსანდრ გრიშჩუკი ( რუსეთი) , მაგნუს კარლსენი ( ნორვეგია) გავიდნენ.

29 დეკემბრიდან მოჭადრაკეები ბლიცში იასპარეზებენ.

0.121852