სხვა

22:37 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

2016 წლის საუკეთესოები სპორტის სამინისტრომაც დაასახელა

ძალოსანი ლაშა ტალახაძე საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც დაასახელა.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის დაჯილდოვება, სასტუმრო "ჰუალინგში” გამართული წლის შემაჯამებელი ღონისძიების ბოლო აკორდი იყო. იქამდე კი, სამინისტრომ სხვა ნომინაციებშიც გამოავლინა საუკეთესოები.

2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე დასახელდა, რომელიც 21-წლამდელთა შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საუკეთესო პარასპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოები გადაეცათ ზვიად გოგოჭურს (ძიუდო) და ირმა ხეცურიანს (ფარიკაობა). გოგოჭურმა წლეულს საქართველოს ისტორიაში პირველმა შეძლო პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება, თან უმაღლესი სინჯის.

სპორტის არაოლიმპიური სახეობებიდან წლის სპორტსმენად კარატისტი ანდრეი ზინჩენკო დასახელდა. საუკეთესო მსაჯი სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჭიდაობის მსაჯი ედიშერ მაჩაიძე გახდა. საუკეთესო სპორტულ ფედერაციად საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია დასახელდა. საუკეთესო გუნდად - საკალათბურთო ნაკრები. ქალთა შორის საუკეთესო სპორტსმენად – ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, ხოლო წლის მწვრთნელად, ძალოსანთა ნაკრების თავკაცი გიორგი ასანიძე.

ძირითადი ნომინაციების გარდა, სპორტის სამინისტრომ სპეციალური პრიზებიც გადასცა. საუკეთესო სპორტულ მენეჯერად ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა დასახელდა. წლის აღმოჩენის პრიზი ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს გადასცეს. საუკეთესო ლეგიონერი საკალათბურთო ნაკრებისა და „გოლდენ სტეიტის" კაპიტანი ზაზა ფაჩულია გახდა. საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი - მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები. 2016 წლის ბიზნეს კომპანია - "სოკარი“.

სპეციალური პრიზი გადაეცა საქართველოს საელჩოს ბრაზილიაში, რიო 2016-ზე ქართული დელეგაციისთვის გაწეული დახმარებისთვის. სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი დააჯილდოვეს სარაგბო ნაკრების ექიმი გიორგი ჭუმბურიძე და საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო შტაბი, ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

საზეიმო გალა-დაჯილდოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი სპორტსმენები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

2016 წლის საუკეთესო სპორტსმენს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

0.139842