ჭადრაკი

22:00 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

 საქართველოს თასი ყუფარაძემ და ხურციძემ მოიპოვეს

დასრულდა საქართველოს თასის 2016 წლის გათამაშება ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის. ასპარეზობას ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. ვაჟთა შორის გამარჯვებულმა საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ ყველაზე მეტი 7,0 ქულა დააგროვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა ირაკლი ბერაძემ. 6,0-6,0 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები ლუკა პაიჭაძემ, კონსტანტინე შანავამ და ბაჩანა მორჩიაშვილმა გაიყვეს. უკეთესი მაჩვენებლით მესამე ადგილზე პაიჭაძე გავიდა.

ქალთა შორის გამარჯვებულის, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონ ნინო ხურციძის ანგარიშზე 5,5 ქულაა. გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით სოფო გვეტაძე და ალექსანდრა ვახანია ჩამორჩნენ, რომლებმაც მაჩვენებლების მიხედვით შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს.

0.134456